როგორც ჩანს, iPhone-ის Face ID მალე პირბადიანსაც ამოგიცნობთ
Apple ახალ ფუნქციას ტესტავს, რომელიც Face ID-ის ეხება. როგორც ჩანს, მალე თქვენი iPhone-ის სახის ამოცნობის სისტემა პირბადიანსაც გიცნობთ და მის ეკრანს რეგულაციების დაცვითაც განბლოკავთ.
აღნიშნულის შესახებ ადრეც საუბრობდნენ, თუმცა ახლა უკვე ვიცით, რომელი iOS-ისგან უნდა ველოდოთ ამ ბევრისთვის საჭირო ფუნქციას. iOS 15.4-ის დეველოპერებისთვის განკუთვნილ ბეტა ვერსიაში ეს ფუნქციონალი უკვე გამოჩნდა. MacRumors-ისა და Brandon Butch-ის სქრინების თანახმად, ასევე 9to5Mac-ის მიხედვით, ფუნქციის გამოსაყენებლად iPhone 12 ან 13 მაინც უნდა გქონდეთ. სხვა შემთხვევაში ის არ იმუშავებს.
გავრცელებული სქრინების თანახმად, Apple გვაფრთხილებს, რომ "iPhone-ს შეუძლია, ამოგიცნოთ თვალის ირგვლივ არსებული უნიკალური მახასიათებლებით", თუმცა Face ID უფრო ზუსტი მაინც მაშინ იქნება, როცა მას ნიღბის გარეშე დავხედავთ.
პანდემიის დაწყებისთანავე არაერთი ადამიანი თუ ორგანიზაცია მიმართავდა Apple-ს აღნიშნული ფუნქციის დამატების თხოვნით. საპასუხოდ, კომპანიამ არაერთი განახლება გამოუშვა, მაგალითად iOS 13.5-ს შეეძლო დაედგინა, გეკეთათ თუ არა პირბადე და Face ID-ის ნაცვლად სმარტფონის პინკოდით განბლოკვა შეეთავაზებინა. 14.5-მა კი Apple Watches-სთვის გახადა შესაძლებელი პირბადით განბლოკვა. ხოლო იმ ადამიანებისთვის, რომელთაც Apple-ის საათები არ აქვთ, ეს ფუნქცია პირველად, როგორც ჩანს მალე გახდება ხელმისაწვდომი.
კომენტარები