ქირურგმა რობოტმა ღორებს ოპერაცია წარმატებით ჩაუტარა — მან შედეგით ადამიანებს აჯობა
აშშ-ში მდებარე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერების მიერ შექმნილმა რობოტმა ღორებს ლაპაროსკოპია წარმატებით ჩაუტარა, თანაც ავტონომიურად. სპეციალისტთა განცხადებით, ეს მას ნამდვილ ქირურგებზე ბევრად უკეთ გამოუვიდა.
რობოტმა, რომელიც STAR-ის სახელითაა ცნობილი, 4 ცხოველის ორგანიზმში ნაწლავის ბოლოები ერთმანეთთან დააკავშირა. ეს გახლავთ პროცედურა, რომელიც განსაკუთრებულ სიზუსტესა და განმეორებით მოძრაობებს საჭიროებს, რასაც მოწყობილობამ თავი ძალიან კარგად გაართვა. მნიშვნელოვანია, რომ თუნდაც მცირე უკონტროლო მოძრაობა ან აცდენა სისხლდენას გამოიწვევდა, რაც შესაძლოა, ცდისპირებისთვის დამღუპველი აღმოჩენილიყო.
STAR სენსორული კამერებით აღჭურვილი სისტემაა, რომლის დანიშნულებაც რბილ ქსოვილებზე ნაკერების დადებაა. რობოტებისთვის ეს ძნელად განსახორციელებელია, რადგან თავად პროცესი საკმაოდ არაპროგნოზირებადია.
აღსანიშნავია, რომ ის 2016 წელს შექმნილი ვერსიის გაუმჯობესებული ვარიანტია. მის წინამორბედს ფუნქციონირებისთვის ადამიანთა დახმარება სჭირდებოდა. ამის თავიდან ასაცილებლად, მკვლევრებმა ახალ რობოტზე გაკერვისთვის განკუთვნილი სხვადასხვა ხელსაწყო დაამონტაჟეს და უკეთესი გამოსახულების მისაღებად, უფრო თანამედროვე ტექნოლოგია გამოიყენეს. დამატებით დეტალებს შორისაა სამგანზომილებიანი ენდოსკოპი და სამონიტორინგო ალგორითმი.
მეცნიერები რობოტის სამომავლო გეგმებზე ჯერჯერობით არ საუბრობენ, ამიტომ უცნობია, ჩაუტარებს თუ არა ის ოდესმე ოპერაციას ადამიანებს. ამის მიუხედავად, ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ მსგავსი მოწყობილობები დღითიდღე ვითარდება და ქირურგებს საქმეს უმსუბუქებს.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Science Robotics გამოქვეყნდა.
კომენტარები