ბილ გეიტსი ბევრად უფრო საშიშ ვირუსებზე გვაფრთხილებს, ვიდრე ეს კორონავირუსია
ბილ გეიტსი კორონავირუსამდე 5 წლით ადრე გაგვაფრთხილებდა პანდემიების შესახებ. ახლა ის ამბობს, რომ მომავალი პანდემიები შესაძლოა COVID-19-ზე ბევრად უარესი აღმოჩნდეს. გეიტსის განცხადებას The Independent ავრცელებს.
გეიტსის საქველმოქმედო ფონდმა 150 მილიონი დოლარი შესწირა ეპიდემიური მზადყოფნის სპეციალურ ფონდს (CEPI), რომელიც არსებულ ვირუსებთან საბრძოლველად და მომავალი პანდემიების თავიდან ასაცილებლადაა შექმნილი.
ეს ყველაფერი კი იმის ფონზე, რომ მსოფლიო კიდევ ერთხელ მოიცვა კოროვირუსის ტალღამ. ამ ახალი ტალღის გამომწვევი ომიკრონის შტამია, რომელიც ბოტსვანაში გაჩნდა, ქვეყანაში, სადაც აქამდე ვაქცინაციის მხოლოდ 24 პროცენტი იყო დაფიქსირებული.
აღსანიშნავია, რომ CEPI 5 წლის წინ დაარსდა, ებოლას ვირუსის გააქტიურების შემდეგ და მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანი განვითარებადი ქვეყნებისთვის ვაქცინების მიწოდების უზრუნველყოფაა.
Moderna და AstraZeneca ვაქცინები, რომლებიც გლობალურად გამოიყენება, ასევე შემუშავდა CEPI-ის ფონდებით. მიუხედავად იმისა, რომ ეს ვაქცინები დაჩქარებული ტემპით შემუშავდა და ამით მრავალი ადამიანის სიცოცხლე გადარჩა, გეიტსი წუხს, რადგან ვაქცინების სასურველმა რაოდენობა განვითარებად ქვეყნებამდე ჯერ კიდევ ვერ მიაღწია.
CEPI ახლა ცდილობს 3,5 მილიარდი დოლარის მოზიდვას, რათა პოტენციური პანდემიების მიმართ წინასწარ ვიყოთ მზად. საუბარია სპეციალური ვაქცინების 100 დღის განმავლობაში შექმნაზე. გეიტსის აზრით, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში ვიქნებით შემდეგი პანდემიებისთვის მზად.
სწორედ ამ მიზნით ბილი და მელინდა გეიტსების საქველმოქმედო ფონდმა ორგანიზაციას 150 მილიონი დოლარი შესწირა. ბილ გეიტსის თქმით, მომავალში კორონავირუსზე ბევრად უფრო საშიში პანდემიები შეიძლება გამოჩნდეს და აუცილებელია მზად ვიყოთ.
კომენტარები