Apple 2022 წლის პირველი ღონისძიებისთვის ემზადება — რას ველოდებით ტექგიგანტისგან
Apple 2022 წლის პირველი ღონისძიებისთვის ემზადება და სავარაუდოდ, სულ მალე ახალ iPhone SE-სა და iPad-ს ვიხილავთ.
Apple თავის ყოველწლიურ გეგმებს ნაბიჯ-ნაბიჯ მიყვება. ჩვენ უკვე მივეჩვიეთ, რომ გაზაფხულზე მცირე სიახლეებსა და განახლებებს ვნახულობთ ხოლმე. ზაფხულში Apple ერთ პრეზენტაციას ახალი iOS-ის გამოსაშვებად ატარებს ხოლმე, ხოლო ყველაზე მსუყე ღონისძიება შემოდგომაზე ტარდება, სადაც ახალ აიფონებსა თუ სხვა მსხვილ ტექნიკას ვნახულობთ ხოლმე.
ამას ორი მიზეზი აქვს, ერთი ის, რომ სისტემური უზრუნველყოფა ყოველთვის წინ უსწრებს ახალ აიფონებს, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს დაფიქრდეს, თუ რა შესაძლებლობებს მოგვცემს ახალი iOS ან სხვა სისტემა. ეს შემოდგომისთვის ახალი ტექნიკის საყიდლად დასკვნების გაკეთების საშუალებას გვაძლევს.
მეორე მიზეზი კი უფრო ფინანსურ ნაწილს ეხება. Apple თავის მთავარ პროდუქტს ყოველთვის წლის ბოლოსთვის იტოვებს. წლის ბოლო სამ თვეს უამრავი ფასდაკლება და ახალი წელი ემთხვევა, რაც პროდუქტის გაყიდვებს ძალიან ეხმარება. თუ Apple ამ სტრატეგიიდან გადახვევას შეეცდება, წლის ბოლო სამი თვის ყოველწლიური სტატისტიკა საგრძნობლად გაუარესდება, ეს კი ტექნოლოგიური გიგანტისთვის ნამდვილი კატასტროფა იქნება.
გამონაკლისი არც ეს წელი იქნება და Apple-მა პირველი ღონისძიებისთვის მზადება უკვე დაიწყო. პრეზენტაცია ან მარტში ან აპრილში გაიმართბა. გასული წლის აპრილის ხონისძიებაზე ჩვენ M1-იანი iPad Pro, AirTags და M1 iMac ვიხილეთ — რა იქნება წელს?
ახალი iPhone SE, სავარაუდოდ, იმავე დიზაინით გამოვა, როგორიც ახლაა, თუმცა ის ახალ პროცესორსა და 5G-ის მხარდაჭერასაც მიიღებს. iPad Air 2020 წლის შემდეგ არ განახლებულა და ღონისძიებაზე, სავარაუდოდ, მის ახალ ვერსიასაც ვიხილავთ.
რამდენიმე დღის წინ რუსეთის მარეგულირებელი ორგანოებიდან ინფორმაციამ გაჟონა და აღმოჩნდა, რომ ეფლს განაცხადი 3 ახალი აიფონისა და 9 ახალი აიპადის დასარეგისტრირებლად შეუტანია. აიფონებთან დაკავშირებული დოკუმენტები სავარაუდოდ, iPhone SE-ს სხვადასხვა ვარიანტებია, თუმცა ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ეფლი ერთ ღონისძიებაზე 9 ახალ აიპადს წარადგენს. ეს, ალბათ, მთელი წლის პროდუქტების სიაა და ეფლმა, უბრალოდ, საქმე წინ წაიგდო.
რა შეიძლება ვნახოთ კიდევ? Apple-მა შესძლოა განახლებული Mac Mini ან iMac წარადგინოს, რომლებიც M1 Pro-სა და M1 Pro Max პროცესორებს მიიღებენ.
2022 წელი Apple-ისთვის განსაკუთრებული იქნება. სავარაუდოდ, ტექნოლოგიური გიგანტი წელს იმაზე მეტ პროდუქტს შემოგვთავაზებს, ვიდრე აქამდე ერთ კალენდარულ წელში წარუდგენია. თუ გავრცელებული ინფორმაცია გამართლდება, წელს 4 ახალ აიფონს, "ბიუჯეტურ" MacBook Pro-ს, განახლებულ iMac-ს, ახალ Mac Pro-ს, MacBook Air-ს, AirPods Pro-ს განახლებას, სამ ახალ Apple Watch-სა და შედარებით სუსტ iPad-სა და iPad Pro-ს ვიხილავთ.
თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.
კომენტარები