აღმოაჩინეს შავი ხვრელი, რომელიც შთანთქმის ნაცვლად ვარსკვლავებს წარმოქმნის
მონტანის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერები ჟურნალ Nature-ში წერენ, რომ ჯუჯა გალაქტიკაში Henize 2-10 ვარსკვლავის ფორმირება შენიშნეს. მათი თქმით, იგი გალაქტიკის ცენტრში არსებულმა შავმა ხვრელმა წარმოქმნა. კვლევა ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის გამოყენებით ჩატარდა.
მეცნიერებს უკვე წლებია აინტერესებთ, აქვს თუ არა პატარა გალაქტიკებს ზომაში დიდების პროპორციული შავი ხვრელები. ნასას უწყებით კი, კვლევამ სწორედ ამის შესახებ გაგვიღრმავა ცოდნა.
"10 წლის წინ მსურდა, კარიერა ვარსკვლავთა ფორმირებისათვის მიმეძღვნა, ამიტომაც Henize 2-10-ისგან მიღებულ მონაცემებს ჩავხედე და ყველაფერი შეიცვალა", — განუცხადა NASA-ს ემი რაინესმა, ვირჯინიის უნივერსიტეტის მკვლევარმა და კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა — "თავიდანვე ვიცოდი, რომ რაღაც უჩვეულო და განსაკუთრებული ხდებოდა".
რაინესმა ისიც განაცხადა, რომ მომავალში ჯუჯა გალაქტიკის შავ ხვრელებზე დამატებით კვლევებს ელოდება. შესაძლოა, ამან მიგვანიშნოს, თუ როგორ გაჩნდა სუპერმასიური შავი ხვრელები, რაც ასტრონომებისათვის მუდმივ თავსატეხს გადაჭრიდა — მათ დასაბამთან დაკავშირებით სამი ძირითადი თეორია არსებობს, თუმცა არცერთი არ არის რომელიმეზე მეტად სარწმუნო.
"ნამდვილად დიდი შეკითხვაა: საიდან გაჩნდა შავი ხვრელები? შესაძლოა, ჯუჯა გალაქტიკები მათი დასაბამის შესახებ მოგონებებს გვინახავდეს".
რაოდენ უჩვეულოდაც არ უნდა ჟღერდეს "შემოქმედებითი" შავი ხვრელი ადამიანის ყურისათვის, შესაძლოა, იგი მეცნიერებს უძველესი გალაქტიკური საიდუმლოებების გამჟღავნებაში დაეხმაროს.
კომენტარები