ჯეფ ბეზოსი დაბერების წინააღმდეგ — მილიარდერმა მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები შემოიკრიბა

ფოტო: Getty Images
ამერიკელი მილიარდერის, ჯეფ ბეზოსის მიერ დაფინანსებულმა სტარტაპმა Alto Labs, რომლის მიზანიც ადამიანის სიცოცხლის გახანგრძლივებაა, ფუნქციონირება ოფიციალურად დაიწყო. დაბერების წინააღმდეგ საბრძოლველად მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები გაერთიანდნენ.
კომპანია Amazon-ის დამფუძნებლის ოცნების ახდენას, "უკვდავების ტექნოლოგიის" შექმნას, ისეთი პროფესიონალები შეეცდებიან, რომლებმაც საკუთარი მიღწევებით სახელი უკვე გაითქვეს. ასეთია, მაგალითად, ჰალ ბარონი — ფარმაცევტული გიგანტის, GlaxoSmithKline-ის სამეცნიერო კვლევების ყოფილი ხელმძღვანელი. ის ახლა Alto Labs-ის აღმასრულებელი დირექტორია.
"ჩემთვის უდიდესი პატივია, რომ უნიკალური შანსი მომეცა, გავძღოლოდი ასეთ გამორჩეულ კომპანიას, რომელსაც ტრანსფორმაციული მისია აქვს — დაავადების მიმდინარეობა შეაბრუნოს", — აცხადებს ბარონი.
მასთან ერთად იმუშავებს მედიცინის დარგში 2012 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი, სინია იამანაკა და ჯენიფერ დაუდნა, რომელიც ქიმიის დარგში გამარჯვებულად 2020 წელს დასახელდა.
ცნობილი გახდა, რომ Alto Labs-მა ინვესტორებისგან 3 მილიარდი აშშ დოლარი მიიღო. ჯეფ ბეზოსის გარდა, სტარტაპის განვითარებაში თანხა ჩადო რუს-ისრაელელმა მეწარმემ, იური მილნერმა.
იდეის გარშემო შეკრებილ მკვლევრებს სურთ, ბიოლოგიურ რეპროგრამირებას მიაღწიონ. ეს იგივეა, რაც უჯრედების გაახალგაზრდავება და თეორიულად დაბერების პროცესთან დაკავშირებული დაავადებების აღმოფხვრის, ასევე, "თვითმკურნალობის" საშუალებას იძლევა.
კომენტარები