ილონ მასკი ადამიანების ტვინში ჩიპის ჩანერგვას კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა
SpaceX-ისა და Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორის, ილონ მასკის ბიოტექნოლოგიური სტარტაპი Neuralink ადამიანების ტვინში ჩიპის ჩანერგვას კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა. კერძოდ, კომპანიამ კლინიკური ტესტირების ხელმძღვანელის პოზიციაზე ვაკანსია ოფიციალურად გამოაცხადა.
შერჩეული პირი ადამიანთა ორგანიზმში იმპლანტის განთავსებისთვის საჭირო ცდებს გაუძღვება, რომელთა განხორციელებასაც უკვე დიდი ხანია, ველით. შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ბიზნესმენმა მაიმუნი გვაჩვენა, რომელიც Neuralink-ის ინტერფეისის წყალობით, კომპიუტერის მონიტორზე კურსორს გონების ძალით ამოძრავებდა.
თუმცა, ჩვენ შემთხვევაში საქმე უბრალო თამაშს არ ეხება, არამედ ბევრად სერიოზულია — აღნიშნულმა ტექნოლოგიამ შესაძლოა, სხვადასხვა ნევროლოგიური დარღვევის მქონე პაციენტების სიცოცხლე რადიკალურად შეცვალოს. რა თქმა უნდა, უკეთესობისკენ.
როგორც ვაკანსიის აღწერიდან ვიგებთ, ხელმძღვანელი ნოვატორ ექიმებთან და საუკეთესო ინჟინრებთან ერთად იმუშავებს, უშუალო კომუნიკაცია ექნება ცდისპირებთანაც. ასევე, დაევალება გუნდის შექმნა, რომელიც კლინიკურ კვლევებში ჩაერთვება და დაკისრებულ მოვალეობას მკაცრი რეგულაციების დაცვით შეასრულებს.
აღსანიშნავია, რომ მასკმა ცოტა ხნის წინ Neuralink-ის ადამიანებზე ორიენტირებული ტესტირების დაწყების თარიღად 2022 წელი დაასახელა, მაგრამ უცნობია, რამდენად მოხერხდება ეს. საქმე იმაშია, რომ სტარტაპს სპეციალური მარეგულირებელი სამსახურისგან ნებართვის მოპოვება დასჭირდება, რაც საკმაოდ რთული პროცესია.
კომენტარები