ილონ მასკის სატელიტები კოსმოსის სურათებზე კვალს ტოვებს — პოტენციური საფრთხე ასტრონომიისთვის
მეცნიერები უკვე დიდი ხანია, გვაფრთხილებენ, რომ ილონ მასკის კომპანია SpaceX-ის მიერ პროგრამა Starlink-ის ფარგლებში დედამიწის ორბიტაზე გაშვებულმა ათასობით ხელოვნურმა თანამგზავრმა შესაძლოა, ასტრონომიულ დაკვირვებებს ხელი შეუშალოს. ახლა კი სპეციალისტთა მიერ ჩატარებულმა კვლევამ დაამტკიცა, რომ სატელიტები ტელესკოპებით მოპოვებულ კოსმოსის გამოსახულებებში საკუთარ კვალს მართლაც ტოვებს.
ისინი 22 თვის განმავლობაში აანალიზებდნენ სურათებს, რომლებიც კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის კუთვნილი პალომარის ობსერვატორიიდან გადაიღეს. ფოტოებზე მათ საერთო ჯამში 5 000 ნათელი ხაზი დააფიქსირეს, რომელიც ჩვენი პლანეტის გარშემო მოძრავმა აპარატებმა ცაზე გაელვებისას დატოვა, განსაკუთრებით შებინდებისას.
გამოცემაში The Astrophysical Journal Letters გამოქვეყნებული ნაშრომის ავტორები აცხადებენ, რომ თავიდან Starlink-ის თანამგზავრები ყოველი 200 სურათიდან 1-ში იყო აღბეჭდილი, 2021 წლის სექტემბრისთვის კი ეს მაჩვენებელი 5-ში 1 გახდა.
მკვლევრები აღნიშნავენ, რომ კონკრეტულად ამ ტელესკოპისთვის სატელიტების კვალი უმცირეს პიქსელებში ჩანს, რადგან ის მთლიან ცას 2 დღეში ერთხელ იღებს. შესაბამისად, იმის შანსი, რომ ასტეროიდი ან სხვა კოსმოსური ობიექტი შეუმჩნეველი დარჩება, ძალიან დაბალია.
ამის მიუხედავად, ყველა ობსერვატორია ასე არ მუშაობს. ეს ხელსაწყოები ოპტიკურ, ინფრაწითელ ან სხვა სახის სინათლეს აკვირდებიან. ხელოვნურ სიკაშკაშეს კი ამ სპექტრების გადაფარვა შეუძლია.
კომენტარები