აღმოჩნდა, რომ კვანტური ფიზიკის მამად წოდებული ერვინ შროდინგერი პედოფილი იყო
ირლანდიურ მედიაში კვანტური ფიზიკის მამად წოდებული ერვინ შროდინგერის პედოფილური კავშირების მტკიცებულებები გავრცელდა, რამაც აკადემიურ წრეებში შეშფოთების ტალღა ააგორა.
ფიზიკის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატმა თავი "შროდინგერის კატის" სახელით ცნობილი ექსპერიმენტით დაგვამახსოვრა, რომელიც კვანტური სუპერპოზიციის პარადოქსს გვიჩვენებს. ალბათ, პარადოქსია ისიც, რომ მსგავსი გონებრივი შესაძლებლობების მქონე ადამიანი არასრულწლოვან გოგოებთან სქესობრივი კავშირის დამყარებაში პრობლემას ვერ ხედავდა. ამაში ის გამოცემამ The Irish Times ამხილა, რომელმაც არაერთი ფაქტი გაასაჯაროვა.
მათ მიერ გამოქვეყნებულ ტექსტში ვკითხულობთ, რომ ფიზიკოსის ერთ-ერთი მსხვერპლი მხოლოდ 14 წლის იყო, რომელიც 39 წლის მეცნიერმა მაშინ გაიცნო, როცა მისი მათემატიკის კერძო მასწავლებელი გახდა. შროდინგერი მოსწავლეს დროთა განმავლობაში დაუახლოვდა და 17 წლისა დააორსულა. ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ ცუდად გაკეთებული აბორტის შედეგად, ის სამუდამოდ უნაყოფო დარჩა.
ამას ერვინისთვის ხელი არ შეუშლია, რომ მალევე ყურადღება 25 წლით უმცროს გოგოზე გადაეტანა. რაც ყველაზე გამაოგნებელია, ის პირად დღიურებში ჩანაწერებს აწარმოებდა, რომლებშიც საკუთარ პედოფილურ ნაბიჯებზე ღიად საუბრობდა და იმასაც აღნიშნავდა, რომ ამის უფლება საკუთარი გენიალურობის გამო ჰქონდა.
ეს ნათელს ჰფენს მის სექსისტურ შეხედულებებსაც, რომ კაცები ქალებზე ჭკვიანები, ძლიერები და ინტელექტუალურად განვითარებულები არიან. ამას შროდინგერის შესახებ დაწერილი ბიოგრაფიული წიგნის "შროდინგერი, ცხოვრება და აზრები" ავტორი, ვალტერ მურიც ადასტურებს.
მეცნიერი ურთიერთობის გაბმას 12 წლის გოგოსთანაც ცდილობდა, რომელზეც დღიურში წერდა, რომ ის მათ შორის იყო, ვინც სიყვარულითვე არ უპასუხა. საბედნიეროდ, ამ უკანასკნელის ოჯახის წევრების მიერ გაჟღერებული საფუძვლიანი ეჭვების გამო, მან არასრულწლოვანისთვის თავის დანებება გადაწყვიტა.
აღსანიშნავია, რომ ჩამოთვლილმა ფაქტებმა პეტიციას დაუდო საფუძველი, რომლის ხელმომწერებიც დუბლინში მდებარე სასწავლო დაწესებულების, ტრინიტი კოლეჯის შროდინგერის სახელობის აუდიტორიისთვის სახელწოდების შეცვლას ითხოვენ.
"ვაცნობიერებთ, რამხელა კვალი დატოვა შროდინგერმა მეცნიერებაზე. ჩვენი პეტიცია ფიზიკაში მისი დამსახურებების უგულებელყოფას არ ისახავს მიზნად. თუმცა, არასწორად მიგვაჩნია, რომ ისეთ თანამედროვე კოლეჯში, როგორიც ტრინიტია, ამ კაცის სახელს მთლიანი ნაგებობა ატარებდეს", — აცხადებენ ისინი.
კომენტარები