არქტიკის რეგიონში თოვლი ანათებს — რასთან გვაქვს საქმე?
წარმოიდგინეთ, რომ არქტიკის რეგიონის უკიდურეს ჩრდილოეთში ხართ (რომელიც რუსეთის შემადგენლობაშია), თან კი პარტნიორი და 2 ძაღლი გახლავთ. თითქოს, ყველაფერი რიგზეა, თუმცა მოულოდნელად უჩვეულო სანახაობის მომსწრე ხდებით — თოვლი ცისფრად ანათებს. ალბათ, გაოცდებოდით და საკუთარ თვალებს არ დაუჯერებდით.
სწორედ ასე დაემართა მიხაილ ნერეტინს, რომელიც თეთრი ზღვის სანაპიროს მიმდებარედ განლაგებული, განმარტოებით მდგარი საველე ბაზის მახლობლად გზას მიუყვებოდა. მასთან ერთად რუსი ბიოლოგი, ვერა ემელიანენკო იმყოფებოდა. მათ შენიშნეს, რომ თოვლის შთამბეჭდავი ნათება ზეწოლისას, მაგალითად, დაბიჯებისას იზრდებოდა. თვითმხილველებმა ამ უცნაური ფენომენის გამოკვლევა გადაწყვიტეს, ხოლო მის გადასაღებად ფოტოგრაფი, ალექსანდერ სემენოვი მიიწვიეს.
ემელიანენკომ ადგილიდან ნიმუში აიღო, გაალღო და მიკროსკოპის ქვეშ შეისწავლა. იქ მან წყლის ბინადარი კიბოსნაირები აღმოაჩინა, რომელთაც კოპეპოდებს, იგივე ნიჩაბფეხიანებს ვუწოდებთ. ეს მცირე ზომის ბიოლუმინესცენციური ორგანიზმები ოკეანის კვებით ჯაჭვში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.
როცა მეცნიერმა პაწაწინა ცდისპირებს ნემსით უჩხვლიტა, ცხოველებმა გაანათეს, რაც იმას ნიშნავს, რომ თოვლის ცისფერი სიკაშკაშე მათი დამსახურება იყო. კოპეპოდების ეს უნარი სპეციალისტებისთვის კარგადაა ცნობილი, მაგრამ მსგავსი რამ ძირითადად ოკეანეებში ხდება და არა ხმელეთზე.
ნიჩაბფეხიანები ამას მათში მიმდინარე ქიმიური რეაქციების მეშვეობით ახერხებენ, რომელთა შედეგადაც კოელენტერაზინი გამოიყოფა. ეს უკანასკნელი მანათობელი სუბსტანციაა, რომლის დახმარებითაც ისინი თავის დაცვას ცდილობენ. თუმცა, აღნიშნული სტრატეგია ზოგჯერ არ ამართლებს, ამიტომ კოპეპოდები უფრო დიდი არსებების ლუკმად იქცევიან ხოლმე.
ჯერჯერობით გაურკვეველია, როგორ მოხვდნენ ისინი წყლის სიღრმეებიდან თოვლში. ამის მიზეზებს მეცნიერები დეტალურად განიხილავენ ნაშრომში, რომელიც უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება.
კომენტარები