კვლევის მიხედვით, ცნობილი ადამიანებით შეპყრობილებს დაბალი კოგნიტური უნარები აქვთ
ადამიანები, რომლებიც შეპყრობილნი არიან ჰოლივუდის ჭორებითა და ცნობილი სახეებით, ძირითადად, ნაკლებ კოგნიტურ უნარებს ფლობენ, ამტკიცებს ახალი კვლევა.
კვლევამ, რომელიც გამოქვეყნდა BMC Psychology-ში, აღმოაჩინა "პირდაპირი კავშირი ცნობილი ადამიანების თაყვანისცემასა და შემეცნებით ტესტებში ცუდ შედეგებს შორის".
კვლევა 1763 მოზრდილ ადამიანზე ჩატარდა. გამოკითხულებმა შეასრულეს დავალებების სერია, მათ შორის 30-სიტყვიანი ლექსიკისა და ციფრული სიმბოლოების ჩანაცვლების ტესტი. ამის პარალელურად, მოხალისეებმა ასევე შეავსეს კითხვარი "ვარსკვლავების მიმართ დამოკიდებულების სკალა", რათა დაედგინათ, რამდენად დაინტერესებულნი იყვნენ ისინი ცნობილი ადამიანებით.
გამოკითხვაში რამდენიმე შეკითხვა შევიდა, მათ შორის შემდეგი: "ხშირად ჩემი საყვარელი ცნობილი ადამიანების პირად ჩვევებს ვსწავლობ", "გატაცებული ვარ ცნობილი ადამიანების ცხოვრების დეტალებით" და "თუ გამიმართლა, რომ შევხვდე ჩემს საყვარელ ვარსკვლავს და მან რაიმე უკანონოს გაკეთება მთხოვა, ალბათ, ამას გავაკეთებდი". კვლევაში მონაწილეებს მსგავსი კითხვარისთვის "დიახ" ან "არა" უნდა ეპასუხათ.
მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ მას, ვინც ყველაზე მაღალ ქულას იღებდა ცნობილი ადამიანების მიმართ დამოკიდებულების სკალაზე, დაბალი შედეგები ჰქონდა კოგნიტური შესაძლებლობების ორ ტესტში.
"მსგავსი საკითხის დასადასტურებლად შემდგომი კვლევებიც იქნება საჭირო. თუმცა, ტენდენცია სახეზეა. ჩვენ ახლა გვაინტერესებს ის უშუალო მიზეზი და ურთიერთკავშირი რაც ვარსკვლავების ცხოვრებით გატაცებასა და დაბალ კოგნიტურ უნარებს ეხება", — ამბობენ მკვლევრები.
მკვლევრების თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ თუ თქვენ საყვარელი ვარსკვლავის ცხოვრებით ხართ გატაცებული აუცილებლად დაბალი კოგნიტური უნარები გექნებათ, მაგრამ ტენდენცია საყურადღებოა. ეს კი შემდგომ კვლევებს საჭიროებს.
კომენტარები