AMD-ს CES 2022-ზე ხმაურიანი გამოსვლა ჰქონდა. Intel-სა და AMD-ის შორის კონკურენცია ძალიან დიდია. ბოლო წლებში AMD-იმ პოპულარობა დაიბრუნა და მეტიც, რამდენიმე წელი, i9 12900-ის გამოსვლამდე, ფაქტობრივად ინტელზე წინ იყო. CES 2022-ზე გაირკვა, რომ Intel-ის ლიდერობას დიდი დრო აღარ უწერია. AMD-იმ Ryzen 6000 სერიის პროცესორები ლეპტოპებისთვის, ხოლო 5 ნანომეტრიან არქიტექტურაზე აგებული Ryzen 7000 სერიის პროცესორები პერსონალური კომპიუტერებითვის დაანონსა.

დავიწყოთ ლეპტოპებისთვის განკუთვნილი Ryzen 6000 სერიით. ახალი პროცესორები Zen 3 Plus 6 ნანომეტრიან არქიტექტურაზე აიგება და პირველად AMD-ის მობილური პროცესორების არსებობის განმავლობაში, ისინი RDNA 2 არქიტექტურაზე შექმნილ ინტეგრირებულ ვიდეობარათებს მიიღებენ. AMD გვპირდება, რომ ახალი პროცესორებს წინა თაოაბსთან შედარებით, 1.3-ჯერ უფრო სწრაფები იქნებიან, ხოლო გეიმინგის მხრივ სხვაობა კიდევ უფრო იზრდება და ახალი არქიტექტურისა და ვიდეობარათების დახმარებით ორჯერ უფრო კარგ შედეგს ვიღებთ. AMD-ის თქმით, პროცესორები ძალიან ენერგოეფექტური იქნება და მასზე მომუშავე ლეპტოპები 24 საათიანი მუშაობის შესაძლებლობასაც მოგვცემს.

Ryzen 6000 პროცესორები ორ სერიად იქნება წარმოდგენილი. H განკუთვნილი იქნება გეიმინგისა და მძიმე დატვირთვებისთვის, შესაბამისად, ისინი 35W და 45W ენერგიას მოიხმარენ. ხოლო შედარებით თხელი და კომპაქტური ლეპტოპებისთვის 15W და 18W U სერიის პროცესორებს ვიხილავთ.

ახალი ხაზის ტოპ მოდელი Ryzen 9 6980HX იქნება, რომელსაც 8 ბირთვი და 16 ნაკადი ექნება. საბაზისო სიჩქარე 3.3GHz იქნება, მაქსიმალური კი 5.0GHz-s მიაღწევს. ინტეგრირებული ვიდეობარათი 12 ბირთვიანი იქნება და 2.4GHz-ზე იმუშვებს. AMD აღნიშნავს, რომ ეს არის მათ მიერ წარმოებულ პროცესორებს შორის ყველაზე სწრაფი და ეს ფურცელზე ასეცაა. გასული წლის ტოპ პროცესორი, Ryzen 9 5950X 4.9GHz-ზე მუშაობდა.

AMD-ის RDNA 2 არქიტექტურის გამოჩენა მობილურ ვიდეობარათებში ნამდვილად სერიოზული ამბავია. იგივე არქიტექტურაზეა აგებული RX 6000 სერიის ვიდეობარათებიც და Xbox Series X-ისა და PS5-ის ბარათებიც. ეს წინა თაობის Vega ბარათების შემდეგ დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.

თუ AMD-ის დავუჯერებთ, Ryzen 6000-ების ინტეგრირებული ვიდეობარათები 5000 სერიის პროცესორების გრაფიკულ ამაჩქარებლებთან შედარებით 100%-ით უფრო ძლიერები იქნებიან. მათში ჩაშენებული იქნება ჰაერდვეარ Ray Tracing და ისინი 50%-ით უფრო დიდ გამომთვლელ ძრავსაც მიღებენ. ამ ყველაფერს ემატება AMD-ის FidelityFX Super Resolution ტექნოლოგია. ამ ყველაფრის გათვალისწინებით AMD გვპირდება, რომ "AAA თამაშების თამაშს ულტრათხელი ლეპტოპებითაც შევძლებთ".

AMD-მ პრეზენტაციაზე სინთეტიკური ტესტების შედეგებიც გვანახა, თუმცა მხოლოდ U სერიის პროცესორებისთვის. თუ კომპანიას ვენდობით, მაშინ ინტეგრირებული ვიდეობარათითა და FidelityFX-ის გამოყენებით Call of Duty: Vanguard-ის თამაშს 100+ FPS-ითაც შევძლებთ.

ახალი პროცესორები ახალი ტექნოლოგიების მხარდაჭერასაც მიიღებენ. Ryzen 6000 სერიის პროცესორებს USB4-ის, PCIe Gen 4-ის, DDR5 და LPDDR5 ოპერატიული მეხსიერების, HDMI 2.1-ისა და WI-Fi 6E-ს მხარდაჭერა ექნება.

AMD-ის ახალი Ryzen 6000 პროცესორებით აღჭურვილ ლეპტოპებს მალე ვიხილავთ. Acer-მა, Asus-მა, Alienware-მა, Lenovo-მ, Razer-მა და HP-მ უკვე დააანონსეს ახალი ლეპტოპები ახალი პროცესორებით. პირველი მოწყობილობების მიწოდება თებერვალში დაიწყება.