ილონ მასკის თქმით, მან ბიტკოინის შემქმნელის ვინაობა იცის
SpaceX-ისა და Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი ილონ მასკი ფიქრობს, რომ მან იცის ვინ შექმნა ბიტკოინი.
მასკმა ეს ხელოვნური ინტელექტის მკვლევართან ლექს ფრიდმანთან ინტერვიუში განაცხადა. ფრიდმანმა ჰკითხა მასკს მისი თეორიის შესახებ, თუ ვინ არის ბიტკოინის იდუმალი შემქმნელი სატოში ნაკამოტო.
"მიმაჩნია, რომ ვიცი თუ ვინ არის რეალურად სატოში ნაკამოტო. ამაზე პასუხის მისაღებად უნდა დავაკვირდეთ თუ ვინ ავრცელებდა ასეთ იდეებს ბიტკოინის პოპულრაიზაციამდე და გაშვებამდე. და მე თუ მკითხავთ, ნიკ საბოა ეს ადამიანი. სწორედ ის არის ამ იდეების ევოლუციაზე პასუხისმგებელი", — თქვა მასკმა.
მასკის სრული ინტერვიუ აქ შეგიძლიათ ნახოთ:
მე არ ვარ სატოში
მათთვის, ვინც არ იცის თუ ვინ არის ნიკ საბო, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის კომპიუტერული მეცნიერი და კრიპტოგრაფია, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის ჭკვიანი კონტრაქტებისა და კრიპტოვალუტის ადრეული ფორმის "bit gold"-ის განვითარების მხრივ.
მიუხედავად იმისა, რომ ამ კონკრეტულმა კრიპტომ წარმატებას ვერ მიაღწია, ბევრი მას ბიტკოინის ადრეულ წინამორბედად მიიჩნევს. მისი ჭკვიანი კონტრაქტის ტექნოლოგია ასევე გამოიყენებოდა, როგორც ეთერიუმის ბლოკჩეინის ფუნდამენტური ნაწილი. სწორედ ამიტომ, და არა მარტო ამიტომ, ბევრი ვარაუდობს, რომ ის არის ბიტკოინის მამა. თუმცა, ნიკ საბო ამ ყველაფერს დიდი ხანია უარყოფს.
ამასთან, ბევრს თავად მასკი ჰგონია ბიტკოინის შემქმნელი. თუმცა, ინტერვიუში მასკმაც უარყო და აღნიშნა, რომ ის ნამდვილად არ არის სატოში ნაკამოტო.
"მე რომ სატოში ვყოფილიყავი, ამას არ დავმალავდი", — თქვა ინტერვიუში მასკმა.
კომენტარები