მეცნიერებმა შექმნეს ეკრანი, რომლის ალოკვითაც სხვადასხვა გემოს შეგრძნებაა შესაძლებელი
იაპონიაში მდებარე მეიძის უნივერსიტეტში მომუშავე პროფესორმა, ჰომაი მიაშიტამ, სტუდენტებთან ერთად, შექმნა ტელევიზორის ეკრანის პროტოტიპი, რომლის ალოკვითაც სხვადასხვა გემოს შეგრძნებაა შესაძლებელი.
ინოვაციური მონიტორი Taste the TV-ის სახელითაა ცნობილი. ის ერთმანეთისგან განსხვავებული 10 გემოს შემცველ სპეციალურ ჭურჭელს იყენებს, რომელიც მბრუნავ მოწყობილობაზეა დამაგრებული. კონტეინერების შიგთავსის შერევის გზით კი კონკრეტული საკვების გემო მიიღება. ეს უკანასკნელი ჰიგიენურ თხელ ფირზე გადადის, რომელიც ეკრანს ეკვრება და გასასინჯად მზადაა.
ჰომაი მიაშიტას განცხადებით, ახალი ტექნოლოგია კორონავირუსის პანდემიის პირობებში გარე სამყაროსთან ჩვენი კავშირის გაუმჯობესების საშუალებას იძლევა.
"ჩვენი მიზანია, რომ ადამიანებისთვის შესაძლებელი გავხადოთ, მსოფლიოს სხვა ნაწილში მდებარე რესტორანში კერძის მირთმევის სიამოვნება სახლიდან გაუსვლელად მიიღონ", — ამბობს მეცნიერი.
პროფესორს, 30-მდე სტუდენტისგან შემდგარი ჯგუფის დახმარებით, აქამდე მრავალი მსგავსი პროდუქტი შეუქმნია, მაგალითად, ჩანგალი, რომელიც საკვებს უფრო მდიდარ გემოს ანიჭებს. თავად Taste the TV-ზე მუშაობა კი მათ მიმდინარე წელს დაიწყეს.
როგორც ცნობილია, ეკრანის კომერციული ვარიანტის ღირებულება დაახლოებით 100 000 იენი იქნება, რაც 875 აშშ დოლარის ეკვივალენტურია. მისი მეშვეობით მომავალი სომელიეები და მზარეულები შესაბამის კურსებს დისტანციურად გაივლიან, განიხილება გემოს გამოცნობაზე დაფუძნებული თამაშებიც.
ჰომაი მიაშიტა კომპანიებთანაც აწარმოებს მოლაპარაკებებს და მათ ახალ ტექნოლოგიას სთავაზობს. ასევე, სურს, შექმნას პლატფორმა, რომლის მომხმარებლებიც ამა თუ იმ ქვეყნის კერძების გემოს "ჩამოტვირთავენ" და გასინჯავენ.
კომენტარები