ზღვის დონის უეცარმა ზრდამ ვიკინგებს გრენლანდიის დატოვება აიძულა — კვლევა
ვიკინგები ყველას მამაც და უშიშარ მეომრებად გვახსოვს, თუმცა, როგორც ჩანს, კლიმატის ცვლილებას წინ ვერც ისინი აღუდგნენ და ისეთივე მოწყვლადები იყვნენ, როგორც დედამიწის სხვა მაცხოვრებლები.
მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ყინულის ფენის ზრდამ და ზღვის დონის მატებამ გრენლანდიის სანაპიროს დიდი ნაწილი დატბორა, რამაც ნორსების ფერმები გაანადგურა. ეს ყველაფერი მე-15 საუკუნეში მოხდა და ვიკინგებს გრენლანდიის დატოვება მოუწიათ.
ვიკინგებმა გრენლანდიაში ფეხი მე-10 საუკუნის მიწურულს, დაახლოებით 985 წლიდან მოიკიდეს. იქ ნორვეგიული წარმოშობის მოგზაური ერიკ ტორვალდსონი, ასევე ცნობილი როგორც "ერიკ წითელი", (Erik The Red) მას შემდეგ დასახლდა, რაც ისლანდიიდან გამოაძევეს. მას მალევე მიჰყვნენ სხვა ვიკინგი მოსახლეებიც და პირველი საცხოვრისებიც შეიქმნა. გრენლანდიაზე ორი დასახლება გაჩნდა — Eystribyggð (სამხრეთ დასახლება) and Vestribyggð (აღმოსავლეთ დასახლება). კალიფორნიის რივესაიდის უნივერსიტეტის კვლევის თანახმად ვიკინგების გრენლანდიაზე ჩასვლის პერიოდში აქ უკვე ცხოვრობდნენ აბორიგენი დორსეტის კულტურის ხალხი, რომლებიც არქტიკაში ინუიტების გამოჩენამდე დასახლდნენ.
დაახლოებით, მე-15 საუკუნიდან ნორსების კვალი გრენლანდიიდან ქრება. აქამდე ზოგადად ვიცოდით, რომ ეს ფაქტი კლიმატის ცვლილებითა და მის მიერ გამოწვეული ეკონომიკური კრიზისით იყო განპირობებული. ამერიკის გეოფიზიკური გაერთიანების მიერ გამართულ ყოველწლიურ შეხვედრაზე, ოთხშაბათს, 15 დეკემბერს ზუსტად გავიგეთ, რომ ვიკინგების გადასახლების მიზეზი ოკეანის წყლის დონისა და გრენლანდიაზე ყინულის საფარის ზრდა გახდა. შეხვედრა ნიუ-ორლეანში გაიმართა.
მე-14 საუკუნიდან მე-19 საუკუნის ჩათვლით ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში ტემპერატურა მკვეთრად დავარდა. ეს პერიოდი მცირე გამყინვარების სახელითაცაა ცნობილი.
"ტემპერატურის თანდათანობითმა ვარდნამ ყინულის საფარის ზრდა გამოიწვია", — ამბობს მარისა ჯულია ბორგენი, ჰარვარდის უნივერსიტეტის დედამიწის მეცნიერებათა დეპარტამენტის უფროსი.
მეცნიერებმა თავიანთი ჰიპოთეზის გასამყარებლად გრენლანდიის ყინულის საფარის განვითარების 400-წლიანი პერიოდის მოდელირება გადაწყვიტეს. კვლევისთვის ზუსტად ის 400-წლიანი პერიოდი (1000-1400 წლები) შეირჩა, როდესაც ნორსები გრენლანდიაზე ბინადრობდნენ.
მოდელირებამ აჩვენა, რომ გრენლანდიაზე ზღვის დონემ 5 მეტრით აიწია, რამაც 140 კვადრატული კილომეტრის დატბორვა გამოიწვია. ამ ტერიტორიებში შედიოდა ნორსების საცხოვრებელი ადგილები, ფერმები და საძოვრები.
კომენტარები