ღორის თირკმელი უკვე ორ ადამიანს მიუერთეს — მეთოდი წარმატებით მუშაობს
ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ლანგონის ინსტიტუტის ქირურგებმა გენმოდიფიცირებული ღორის თირკმელი კიდევ ერთ ადამიანს მიუერთეს. პირველი პროცედურა დაახლოებით ორი თვის წინ ჩატარდა. ამის შესახებ დაწესებულების პრესრელიზი იუწყება.
ასევე იხილეთ: ქირურგებმა გენმოდიფიცირებული ღორის თირკმელი ადამიანზე წარმატებით გამოსცადეს
მოხსენებაში აღნიშნულია, რომ აშშ-ში თირკმლის ტრანსპლანტს 90 ათასზე მეტი ადამიანი უცდის, ამ დროის შესამცირებლად კი კომპანია Revivicor-მა ქსენოტრანსპლანტაციას, ანუ სხვა სახეობებიდან ადამიანისთვის ორგანოების გადანერგვას მიმართა. კომპანია გენურ ინჟინერიას იყენებს და დონორის სახეობაში მცირე ცვლილებები შეაქვს, რათა ადამიანის ორგანიზმმა ტრანსპლანტი არ უკუაგდოს.
მათ მიერ შემოთავაზებული GalSafe ღორი, ადამიანის მსგავსად, შაქარ ალფა-გალაქტოზას არ წარმოქმნის. თუკი იმუნური სისტემა შაქარს ადამიანის ორგანიზმში ამოიცნობს, ამას უცხო ნივთიერების არსებობის ნიშნად იღებს და მის წარმომქმნელ ქსოვილს თავს ესხმის. გენმოდიფიცირებული ღორისაგან გადანერგილი ორგანო ამ შაქარს არ შეიცავს, ამიტომაც ადამიანის იმუნური სისტემა თირკმელს უფრო მარტივად იღებს.
პროცედურა ქირურგებმა ჯერ კიდევ ოქტომბერში გამოცადეს მკვდარ რეციპიენტზე, ამჯერად კი სხვა დაღუპულ პაციენტზე გაიმეორეს, რომელიც ჯერ კიდევ ხელოვნური სუნთქვის აპარატზე რჩებოდა შეერთებული. ისევე, როგორც წინაზე, თირკმელი მიმღებს ამჯერადაც სხეულს გარეთ მიამაგრეს და 54 საათის განმავლობაში დააკვირდნენ. პროცედურის მიმდინარეობისას შარდის წარმოქმნა და კრეატინინის დონეები ნორმის ფარგლებში შენარჩუნდა, მეცნიერებს კი არც ორგანოს უკუგდების რაიმე ნიშანი შეუმჩნევიათ.
სამეცნიერო კვლევებში რეპლიკაციას დიდი მნიშვნელობა ენიჭება და მნიშვნელოვანია, მიღწეული შედეგი სხვა დროსაც გამეორდეს, ამიტომაც მოვლენა წინა მცდელობის უბრალო გამეორება როდია.
მიგნებები საკმაოდ შთამბეჭდავია, თუმცა კვლევა ჯერაც საწყის ეტაპზეა და წინ დიდი გზაა, სანამ ამგვარი ტრანსპლანტის პაციენტებზე გამოცდა დაიწყება. გუნდი ანალოგიური კვლევების ჩატარებას მომავალშიც აპირებს, რათა დაადგინონ, რამდენად დამაკმაყოფილებელია მეთოდის მოქმედება, სანამ მას ყოველწლიურად ათასობით სიცოცხლის გადასარჩენად გამოიყენებენ.
კომენტარები