ამერიკული ბიოტექნოლოგიური კომპანიის Pfizer წარმომადგენელთა განცხადებით, მათ მიერ შექმნილი, COVID-19-ის სამკურნალო აბები კორონავირუსის ახალი შტამის, ომიკრონის წინააღმდეგ ეფექტიანია. ის, ასევე, ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილის რისკსაც ამცირებს.

ასევე, იხილეთ: რატომაა საშიში კორონავირუსის ახალი შტამი — ყველაფერი, რაც B.1.1.529-ზე ვიცით

კომპანიაში ამბობენ, რომ ლაბორატორიულ პირობებში ჩატარებული ტესტირების პირველადი შედეგების მიხედვით, ახალი პრეპარატი, სახელად Paxlovid ომიკრონს, იგივე B.1.1.529-ს წარმატებით ებრძვის. ანტივირუსული მედიკამენტი მათ პათოგენის მთავარ ცილაზე გამოცადეს, რომელსაც ის გასამრავლებლად იყენებს. ეს ფერმენტი განსხვავდება ე.წ. პეპლომერისგან, ზედაპირზე არსებული შვერილისგან, რომლის მიმდებარედაც მრავალი მუტაცია დაფიქსირდა.

მნიშვნელოვანია, რომ Pfizer-ის აბები ზრდასრულ, მარტივად მოწყვლად ინდივიდებში, დაავადების სიმპტომების გაჩენიდან რამდენიმე დღეში, სიკვდილისა და საავადმყოფოში გადაყვანის საჭიროების რისკს 89 პროცენტით ამცირებს. იმ 687 არავაქცინირებული ადამიანიდან, რომელმაც კვლევის ფარგლებში პრეპარატი COVID-19-ისთვის დამახასიათებელი ნიშნების გამოვლენიდან პირველი 3 დღის განმავლობაში მიიღო, ჰოსპიტალიზაცია მხოლოდ 5-ს დასჭირდა. მათ შორის არავინ დაღუპულა. პლაცებოს შემთხვევაში კი (682 ცდისპირი) ეს მაჩვენებლები 44 და 9 იყო.

ასევე, იხილეთ: ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ Pfizer-ის ბუსტერ დოზა ომიკრონის შტამისგან იცავს

აღსანიშნავია ისიც, რომ პირველ კატეგორიაში შემავალ მოხალისეთა ორგანიზმში, კონტროლ ჯგუფთან შედარებით, ვირუსის რაოდენობა Paxlovid-ის მიღებიდან მე-5 დღეს დაახლოებით 10-ჯერ ნაკლები გახლდათ. მეცნიერთა აზრით, ეს იმის იმედს გვაძლევს, რომ ახალი სამკურნალო საშუალება პანდემიასთან ბრძოლაში დაგვეხმარება და იმ ადამიანებსაც დაიცავს, რომლებიც იმუნიზაციაზე უარს აცხადებენ.

მკვლევრებმა მედიკამენტი ნაკლებად მოწყვლად ზრდასრულებზეც გამოცადეს და იქაც დადებითი შედეგი მიიღეს, თუმცა ზედიზედ 4 დღის განმავლობაში სიმპტომების აღმოფხვრას ვერ მიაღწიეს, რაც მთავარ მიზნად ჰქონდათ დასახული.

Pfizer-მა ეს მონაცემები სპეციალურ მარეგულირებელ ორგანოს უკვე გადასცა, საბოლოო ანგარიში კი, სავარაუდოდ, მიმდინარე თვეში გამოქვეყნდება.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.