ამაზონის ჯუნგლებს მშრალ სავანად გადაქცევა ემუქრება
ბრაზილიის კოსმოსური კვლევების სახელმწიფო ინსტიტუტში მომუშავე მეცნიერები, კოლეგებთან ერთად, აცხადებენ, რომ ამაზონის ჯუნგლებს მშრალ სავანად გადაქცევა ემუქრება. მათი თქმით, ეს შესაძლოა, სულ რაღაც 5 წელში მოხდეს.
სპეციალისტები ამბობენ, რომ ეკოლოგიური კატასტროფა ნელ-ნელა გვიახლოვდება, ამიტომ მის შესაჩერებლად ქმედითი ნაბიჯები დაუყოვნებლივ უნდა გადავდგათ. მათ თავიანთი კვლევის შედეგები გასულ თვეში გამოაქვეყნეს.
მსოფლიოს უდიდესი ტროპიკული ტყის შესახებ ოფიციალური ანგარიში "კოლაფსის" მაუწყებელ რამდენიმე ფაქტორს აერთიანებს. პირველ ადგილზე კლიმატის ცვლილების გამო მომატებული ტემპერატურაა, მის შემდეგ კი მასშტაბურ გაუტყეურებას ასახელებენ, კერძოდ, ბრაზილიის ტერიტორიაზე, სადაც ამაზონის ჯუნგლების უდიდესი ნაწილია განლაგებული.
მეცნიერთა თქმით, საკმარისია, იქ მცენარეული საფარის 20-25 პროცენტი განადგურდეს, რომ ამ პროცესმა შეუქცევადი სახე მიიღოს, რასაც საგანგაშო სიცხე უწყობს ხელს. ამას ისინი "სავანიზაციას" უწოდებენ, რომლის დროსაც წვიმის სახით მოსული ატმოსფერული ნალექის ნაკლებობა ჯუნგლებს გვალვიან ადგილად აქცევს.
მკვლევრები აღნიშნავენ, რომ მსგავსი ტენდენციის შეჩერება ძალიან რთულია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ გულხელდაკრეფილები ვისხდეთ. უფრო მეტიც, რაც შეიძლება სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, კატასტროფა გარდაუვალი გახდება.
კომენტარები