1 დეკემბერი შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ამ დღეს გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA), პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, კიდევ ერთხელ შეახსენებს საზოგადოებას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სტიგმასთან და დისკრიმინაციასთან ბრძოლა და დროული დიაგნოსტიკა.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ უკანასკნელი ათწლეულის მანძილზე მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია აივ ინფიცირებული პირების მკურნალობისა და ზრუნვის სერვისების გაძლიერების თვალსაზრისით, აივ ინფიცირებული პირების დაბალი გამოვლენა მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება: აივ დადებითი პირების სავარაუდო რაოდენობიდან, დაახლოებით, ერთ მესამედზე მეტმა (35%; 3,150 ინფიცირებული) ჯერ კიდევ არ იცის, რომ აივ ინფიცირებულია.

2020 წელს, გაეროს მოსახლეობის ფონდისა (UNFPA) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი ინოვაციური ინიციატივის ფარგლებში, შესწავლილი იქნა ახალგაზრდების, აივ დადებითი პირების, მაღალი რისკის ქცევის მქონე ჯგუფების წარმომადგენლებისა და ჯანდაცვის სფეროს მუშაკების აღქმა და შეხედულებები აივ-ზე, ტესტირების ბარიერები და ხელშემწყობი ფაქტორები. შედეგებმა აჩვენა, რომ ქვეყანაში ჯერ კიდევ ბევრი ბარიერი არსებობს აივ ტესტირების ჩატარებაზე.

დინა ოგანოვას ფოტოპროექტი, რომელიც გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მხარდაჭერით შეიქმნა, ფოტოებისა და ნამდვილი ისტორიების საშუალებით, ღიად საუბრობს იმ რეალობაზე, რომელიც სტატისტიკის უკან დგას. საზოგადოებაში გავრცელებული მითები, გარიყვის შიში, სტიგმა და დისკრიმინაცია ყოველდღიურად აბრკოლებს ადამიანებს ჩაიტარონ დროული დიაგნოსტიკა და იზრუნონ საკუთარ ჯანმრთელობაზე.

არსებული რეალობის შესაცვლელად აუცილებელია ერთად შევუწყოთ ხელი სწორი ინფორმაციის გავრცელებას, მცდარი დამოკიდებულებების შეცვლას, რისკების შემცირებას და ამ გზით — უფრო ჯანსაღი და სტიგმისგან თავისუფალი საზოგადოების ჩამოყალიბებას.

ფოტოპროექტი მომზადებულია კამპანიის "აიღე კონტროლი საკუთარ ხელში, ჩაიტარე აივ ტესტირება" ფარგლებში, რომელიც ერთობლივად ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ.

ფოტოგამოფენის შინაარსობრივი ნაწილი ეყრდნობა დოკუმენტს "ახალგაზრდებსა და მოწყვლად ჯგუფებში აივ ტესტირების დაბალი მოთხოვნის გამომწვევი ბარიერების შესწავლა ქცევითი მეცნიერების პრიზმის საშუალებით". თხრობის სტილი დაცულია. ტექსტებში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის კვლევის მონაწილეებს და არ წარმოადგენს UNFPA-ს და UNDP-ს ოფიციალურ პოზიციას.

01

მქონდა ერთხელ შემოთავაზება (უნივერსიტეტში იყო რამდენიმე პირი მოსული, რომელიღაც ორგანიზაციის სახელით), თუმცა აივ–ტესტი არ გამიკეთებია, გამომდინარე იქედან, რომ არც ნდობა მქონდა იმ პირებისადმი და იმ მომენტში — არც დრო...

ფოტო: დინა ოგანოვა / UNFPA

02

გოგომ დაახლოებით ერთი წლის შემდეგ გაიგო, რომ მის ყოფილ პარტნიორს აივ ინფექცია დაუდგინეს.

ფოტო: დინა ოგანოვა / UNFPA

03

აქამდე არც კი უფიქრია, რომ ტესტირება ჩაეტარებინა, მიუხედავად იმისა, რომ არ იყო დარწმუნებული, ყოველთვის სათანადოდ იცავდა თუ არა თავს ურთიერთობისას. თუმცა რაც მის ძველ პარტნიორზე გაიგო, რომ აივ ინფექცია დაუდგინდა, შიშმა აიტანა.

ფოტო: დინა ოგანოვა / UNFPA

04

დიდხანს ოჯახის წევრებსაც არ ეუბნებოდა და შესამოწმებლადაც ეშინოდა მისვლა,

ფოტო: დინა ოგანოვა / UNFPA

05

თითქოს ერჩივნა, არ სცოდნოდა. თავის ახლობლებს იმიტომ უფრო არ უმხელდა, რომ რცხვენოდა, რცხვენოდა ეთქვა, რომ სქესობრივი ურთიერთობა ჰქონდა და თანაც, არ იყო დარწმუნებული, ყოველთვის დაცული იყო თუ არა.

ფოტო: დინა ოგანოვა / UNFPA

06

აივ ტესტირების სერვისის მიღება შედარებით მარტივია ლგბტ თემისთვის, რადგან ინფორმაცია მარტივად ვრცელდება ჩვენს ბაბლში.

ფოტო: დინა ოგანოვა / UNFPA

07

გააჩნია, ვინ გიკეთებს ტესტირებას. ვფიქრობ, საქართველოში ბევრი პროფესიონალი არ გვყავს ამ კუთხით და ტესტირების პროცესს ხშირად უსიამოვნო განწყობა და შფოთვა ახლავს თან.

ფოტო: დინა ოგანოვა / UNFPA

08

ჩემმა ნაცნობმა გადაწყვიტა, ჩაიტაროს ტესტი იმის შემდეგ, რაც უცნობ მამაკაცთან კავშირი ჰქონდა.

ფოტო: დინა ოგანოვა / UNFPA

09

მაგრამ სპეციალურად დაელოდა იმ პერიოდს როდესაც სხვა ქვეყანაში იქნებოდა და არა საქართველოში.

ფოტო: დინა ოგანოვა / UNFPA

10

გავიკეთე ტესტი სამედიცინო დაწესებულებაში.

ფოტო: დინა ოგანოვა / UNFPA

11

გაუკვირდათ, როდესაც მივედი, რამდენჯერმე მკითხეს მიზეზი და დამისვეს პირადი შეკითხვები, რაზეც გავღიზიანდი და ვუთხარი, რომ ნორმალურია წელიწადში ერთხელ ამ ანალიზის გაკეთება პრევენციის მიზნით,

ფოტო: დინა ოგანოვა / UNFPA

მიუხედავად იმისა, არსებობდა თუ არა, მათი აზრით, დაინფიცირების ობიექტური მიზეზი.

მე და ჩემი მეგობარი მივედით სამედიცინო დაწესებულებაში. გვინდოდა ც ჰეპატიტის და აივ/შიდსის ტესტირების ჩატარება. ველოდებოდით ჩვენს რიგს დერეფანში, სადაც უამრავი ადამიანი იყო სხვადასხვა სერვისებისთვის მოსული და არანაირი კონფიდენციალურობა არ იყო დაცული.

ფოტო: დინა ოგანოვა / UNFPA

12

ყველა ძალიან კარგად ხედავდა, რომ აივის და ჰეპატიტის ტესტირებისთვის ვიდექით რიგში. ბოლოს აგვიღეს ანალიზი და პასუხიც გვითხრეს მალევე. ლაბორანტმაც მკითხა ისე გაოცებულმა, შენ რად გინდა აივის ტესტიო, რატო — არ ვიცი.

ფოტო: დინა ოგანოვა / UNFPA

13

ჩემი ნაცნობი წავიდა კლინიკაში აივ ტესტირების ჩასატარებლად. ის გახდა განსჯისა და დამცირების მსხვერპლი, მიუხედავად იმისა, რომ საბოლოოდ, მას არ აღმოაჩნდა ეს ვირუსი.

ფოტო: დინა ოგანოვა / UNFPA

14

მე აივ დადებითი ვარ, მაგრამ სანამ გავიგებდი ჩემი სტატუსის შესახებ, მეგონა ეს დაავადება მომაკვდინებელი იყო. თურმე ყველაფერი ისე არ არის, როგორც ვფიქრობდი და იმაზე კარგად ვგრძნობ თავს, ვიდრე ოდესმე.

ფოტო: დინა ოგანოვა / UNFPA

15

ანალიზზე სულ შემთხვევით მივედი, მეგობარმა წამიყოლა ორგანიზაციაში უბრალოდ და იქ შემომთავაზეს ანალიზი ამეღო და მეც დავთანხმდი. ახლა ვფიქრობ და ძალიან მიხარია ჩემი სტატუსის შესახებ რომ გავიგე და დროულად მივხედეთ ყველაფერს, როცა შესაძლოა, სავალალოდ დამთავრებულიყო ყველაფერი. ჩემი სტატუსის შესახებ რომ გავიგე, ძალიან გამიჭირდა შეგუება, ძალიან, ძალიან ბევრი საშინელი აზრი მიტრილებდა გონებაში და ამ ყველაფრის დაგვირგვინება სუიციდის მცდელობა იყო.

ფოტო: დინა ოგანოვა / UNFPA

16

გამიმართლა და მომაკვდავს მომისწრეს და გადამარჩინეს, მინდოდა სიკვდილი? მაშინ ძალიან მინდოდა, უბრალოდ, სხვა გამოსავალს ვერ ვხედავდი. დღევანდელი გადმოსახედიდან კი ძალიან დავცინი ჩემს თავს ამ ყველაფრის გამო.
ახლა რომ ასე ვფიქრობ, უამრავი ძალიან კარგი ადამიანის დამსახურებაა. ცოცხალი რომ ვარ, ესეც მათი დამსახურებაა და მათ ამ დიდ სიკეთეს ვერასდროს გადავუხდი.

ფოტო: დინა ოგანოვა / UNFPA

17

მათ მეორე სიცოცხლე მომცეს და ამ სიცოცხლეს იმ დღიდან დიდი რუდუნებით ვუფრთხილდები. აივ ინფექცია სასიკვდილო განაჩენი არ არის, უბრალოდ, უსიამოვნო შემთხვევაა, რომელიც ცხოვრების ჩვეულ რუტინას ცვლის, მაგრამ როგორ შევცვლით ამ რუტინას, ეს უკვე ჩვენზეა დამოკიდებული.

ფოტო: დინა ოგანოვა / UNFPA

18

ნარკოდამოკიდებულება ჩემი ცხოვრების მთავარი და დაუძლეველი პრობლემაა.
გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში ნარკოდამოკიდებული ადამიანების დევნა ხორციელდება არა მხოლოდ სამართლებრივად, არამედ ზნეობრივად, რაც უმეტესწილად იწვევს ფსიქო-სოციალური პრობლემების შექმნას ჩემნაირი ადამიანებისთვის. საზოგადოების მხრიდან ჩვენი, როგორც ნარკომომხმარებლების მიღების დიდი ბარიერი არსებობს.

ფოტო: დინა ოგანოვა / UNFPA

19

და ხშირ შემთხვევაში, ეს ხდება მიზეზი იმისა, რომ ადამიანები არაჰიგიენურ გარემოში მოიხმარენ ნარკოტიკებს, რაც ხშირ შემთხვეევაში, ზრდის აივ ინფექციით დაავადების რისკს.

ფოტო: დინა ოგანოვა / UNFPA

20

როდესაც ჩემმა მეგობარმა, ი.ვ-მ შემომთავაზა აივ-ტესტირების ჩატარება, სიმართლე გითხრათ, ძალიან შევშინდი.

ფოტო: დინა ოგანოვა / UNFPA

21

თითქოს უკვე გავიაზრე და შევეგუე იმ ფაქტს, რომ აივ დადებითი ვიყავი, მაგრამ საბედნიეროდ ასე არ აღმოჩნდა. ჩემსავით არ გაუმართლა ჩემს მეგობარს და დაუდგინდა ვირუსი, რის შემდეგაც სამეგობრო წრის დიდმა ნაწილმა მას ხელი ჰკრა, ამის გამო მას სრულიად მარტო მოუწია ამ სენთან გამკლავება. აივ-ტესტის ჩატარებას თან ახლდა არასასურველი ფაქტები, რაც ექთნის ჩვენდამი დამოკიდებულებაშიც გამოიხატებოდა. მოკლედ რომ ვთქვა, ასეთი ფაქტები ხელს გვიშლიან ჩვენ, როგორც საზოგადოების ნაწილს, სოციალიზაციაში.

ფოტო: დინა ოგანოვა / UNFPA

22

უკვე აღარ მახსოვს, როდის გავიკეთე პირველი აივ ტესტი. ეს ალბათ მაშინ მოხდა, როცა ერთ-ერთ ორგანიზაციაში 25 ლარს გვთავაზობდნენ კვლევაში მონაწილეობის სანაცვლოდ. ეს თანხა არ ყოფილა არალეგალურად შემოთავაზებული. ჩვეულებრივად, მეთოდოლოგიის ნაწილი იყო.

ფოტო: დინა ოგანოვა / UNFPA

23

მე მხოლოდ იმაზე ვნერვიულობდი, რომ სისხლი უნდა აეღოთ ჩემი ვენიდან, სხვა არაფერზე. სარისკო ქცევა არ მქონია და ამიტომ დარწმუნებული ვიყავი, რომ არ მქონდა აივ ინფექცია. სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა, როცა მე ჩავთვალე, რომ სარისკო ქცევა მქონდა და შესაძლებელია, მქონდეს აივ დადებითი სტატუსი.

ფოტო: დინა ოგანოვა / UNFPA

24

მაშინ ჩემს თავს დავუსვი კითხვა — როგორ გავაგრძელებ ცხოვრებას? როგორ შეიცვლება ჩემი ცხოვრება? მთავარი სტრესი კი პოტენციურად აივ დადებითი სტატუსის დაფარვა იყო. ჩემს ირგვლივ ადრე ხშირად ჭორაობდნენ სხვადასხვა პირებზე, განიხილავდნენ, ვის რა დაავადება სჭირს. ეს ძალიან არასასიამოვნო მოსასმენი იყო. მე ვნერვიულობდი, რომ ჩემზეც არ ეჭორავათ ასე.

25

ჩემს მეგობარს ოპერაციის წინ უნდა გაეკეთებინა ანალიზები, მათ შორის, აივ-ზე. პასუხს ელოდებოდა შეშინებული, კონსულტაციაზე მისულმა ძალიან ზერელე დამოკიდებულება მიიღო ექიმებისგან, უნდოდა მეტი ინფორმაციის მოპოვება, ძალიან შეშინებული იყო, რადგან გარკვეული სარისკო ქცევა ჰქონდა, მაგრამ სამედიცინო პერსონალმა, იმის მაგივრად, რომ ინფორმაცია მიეწოდებინა, უფრო დასტრესა, საეჭვო კითხვები დაუსვა, რამაც კიდევ უფრო მეტად ჩაკეტა.

ფოტო: დინა ოგანოვა / UNFPA

26

მე და ჩემმა მეგობარმა გადავწყვიტეთ აივ-ტესტის ჩატარაბა სვირინგების გაკეთების შემდეგ. სამწუხაროდ, მას არასწორად დაუსვეს დადებითი დიაგნოზი, და მოუწია გერმანიაში გადამოწმება პასუხის, რომელიც, საბოლოო ჯამში, უარყოფითი აღმოჩნდა, თუმცა ერთი თვე მაინც იღებდა წამლებს დაზღვევის მიზნით. მიუხედავად იმისა, რომ მე საკუთარ თავზე ეჭვიც არ მქონია, მაინც ისეთი დამთრგუნველი გარემო იყო სამედიცინო დაწესებულებაში, ჩამონგრეული კედლები, ანტისანიტარია დერეფნებში, შეწუხებული და არეული ხალხი…

ფოტო: დინა ოგანოვა / UNFPA