ქართული სტარტაპის თანადამფუძნებელი გლობალური კომპანია SpinCar-ის ინოვაციებს უხელმძღვანელებს
ქართული სტარტაპის Pulsar AI-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, დაჩი ჭოლაძე ციფრული საავტომობილო პლატფორმის, გლობალური კომპანია SpinCar-ის ინოვაციების მიმართულებას უხელმძღვანელებს, ანუ მისი Chief Innovation Officer იქნება. SpinCar სწორედ ის კომპანიაა, რომელმაც მიმდინარე წლის მაისში ქართული სტარტაპი Pulsar AI შეიძინა.
"დაჩის მნიშვნელოვანი გამოცდილება ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებში კომპანიას საშუალებას მისცემს პლატფორმაზე ახალი პროდუქტების განვითარება დააჩქაროს. მოხარულები ვართ, რომ ის ჩვენი კომპანიის ინოვაციებს უხელმძღვანელებს", — აცხადებს SpinCar-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, დევინ დალი.
Pulsar AI-ის ინფორმაციით, SpinCar აღმასრულებელ გუნდს აფართოებს, რათა ფეხი აუწყოს მსოფლიოში არსებულ მზარდ მოთხოვნას, ასევე, ციფრული ჩართულობის, სავაჭრო და AI გადაწყვეტილებების კუთხით არსებულ გამოწვევებს. დაჩი ჭოლაძის CIO-დ დანიშვნა კი ხაზს უსვამს იმას, რომ კომპანია გლობალურად მასშტაბურ ინოვაციებსა და ტექნოლოგიებზე ფოკუსირებას აპირებს.
დაჩი ჭოლაძე SpinCar-ის ტექნოლოგიებისა და პროდუქტების ინოვაციების შექმნისა და კომერციალიზაციის მიმართულებით იმუშავებს, რაც ავტოდილერებისა და ავტომწარმოებლების ციფრულ ტრანსფორმაციას უზრუნველყოფს გლობალურად.
"SpinCar სათავეში უდგას ავტოინდუსტრიის რევოლუციას მომხმარებელთა ციფრული ჩართულობის კუთხით, ასევე, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ კომუნიკაციებსა და მყიდველების ქცევითი მონაცემების გამოყენების მხრივაც. მოხარული ვარ კომპანიის გლობალური ინოვაციური ინიციატივების სათავეში ყოფნით და მოუთმენლად ველი მეცნიერთა, ინჟინერთა და პროდუქტის მენეჯერთა გუნდთან ერთად მუშაობას ახალი ტექნოლოგიური გადაწყვეტების შექმნისა და კომერციალიზაციისთვის", — აღნიშნავს დაჩი ჭოლაძე.
შეგახსენებთ, რომ SpinCar ციფრული საავტომობილო სავაჭრო პროგრამებისა და მონაცემების გლობალური კომპანიაა, რომლის ტექნოლოგიური გადაწყვეტები მანქანის გამყიდველებს საშუალებას აძლევს, მომხმარებლებს მაღალი ხარისხის, პერსონალიზებული გამოცდილება შესთავაზონ. დღემდე, SpinCar 40-ზე მეტ ქვეყანაში, 2 მილიარდზე მეტ ადამიანს დაეხმარა მანქანის შერჩევაში.
კომენტარები