პროფესორის თქმით, შესაძლოა, დედამიწას კოსმოსური ნაგვისგან სატურნის მსგავსი რგოლები გაუჩნდეს
კოსმოსურ ნაგავთან დაკავშირებით დედამიწას საკმაოდ დიდი პრობლემა აქვს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სატელიტებს, კოსმოსურ ხომალდებს, ზონდებსა და ტურისტებს კოსმოსში დღითიდღე უფრო მეტი კომპანია თუ მთავრობა გზავნის, იგი კიდევ უფრო გაუარესდება.
გაგზავნილ ობიექტთა დიდი ნაწილი დასაწვავად დედამიწის ატმოსფეროში იგზავნება, დიდი ნაწილი კი კვლავაც იქ რჩება. უტაის უნივერსიტეტის პროფესორის, ჯეიკ ებოტის პროგნოზით, შესაძლოა საქმე ისე ცუდად წავიდეს, რომ დედამიწა მალე რგოლების ნაწილში სატურნს დაემსგავსოს. მისი სტატია ახლახან ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.
"სავარაუდოდ, დედამიწას თავისი რგოლები გაუჩნდება", — განაცხადა მან The Salt Lake Tribune-სთან საუბრისას — "სატურნის რგოლებისაგან განსხვავებით, ისინი წვრილმანი ჯართისა იქნება".
ევროპულ კოსმოსურ სააგენტოზე დაყრდნობით, ორბიტაზე კოსმოსური ნამსხვრევების დაახლოებით 170 მილიონი ერთ მილიმეტრზე დიდი ზომის ნაწილაკია. დაახლოებით, 670 ათასი მათგანი კი 1,27 სმ-ზე დიდი ზომისაა.
გამომდინარე იქიდან, რომ SpaceX-ის მაგვარი კომპანიები კოსმოსში ლამის სატელიტთა თანავარსკვლავედებს უშვებენ, დედამიწის ორბიტა ასეთი დატვირთული არასოდეს ყოფილა. აქედან გამომდინარე იზრდება დამატებითი შეჯახებების რისკიც, რომელთაც კოსმოსური ჯართის კიდევ უფრო ბევრი, მეტად პატარა ნაწილაკის დატოვება შეუძლია.
ამჟამად მეცნიერები პრობლემის გადასაჭრელი გზების ძებნაში არიან. ებოტის აზრით, კოსმოსში არსებული ჯართის ასახვეტად შესაძლოა, მაგნიტები გამოგვადგეს.
სტატიაში იგი აღწერს, რომ თუ რობოტული ხელის ბოლოში მაგნიტს მივამაგრებთ და ამით სპეციალურ გრიგალურ დენებს წარმოვქმნით, შესაძლოა, კოსმოსური ჯართის ცალკეული ნაწილების მართვა და შენელება მოხერხდეს.
"ჩვენ მსოფლიოში პირველი ტრაქტორული სხივი არსებითად უკვე შევქმენით. დანარჩენი უკვე ინჟინერიის საკითხია. მისი აშენება და გაშვებაღა დარჩა", — განაცხადა მეცნიერმა.
კომენტარები