ბილ გეიტსის თქმით, მომდევნო წელს კორონავირუსი გრიპზე იშვიათი გახდება
კომპანია Microsoft-ის თანადამფუძნებლის, ბილ გეიტსის განცხადებით, მომდევნო წლის შუა პერიოდში კორონავირუსით ინფიცირებისა და სიკვდილის შემთხვევბი გრიპის მაჩვენებლებზე დაბლა ჩამოვა. თუმცა, ამისთვის საჭიროა, რომ მისი ახალი საშიში შტამები არ გავრცელდეს.
ეს მოსაზრება მან სინგაპურში ახლახან გამართულ ეკონომიკურ ფორუმზე გააჟღერა, რომელშიც ვირტუალურად მიიღო მონაწილეობა. ამერიკელ ბიზნესმენს მიაჩნია, რომ 2022 წლისთვის COVID-19-ის დამარცხებაში ვაქცინაციის შედეგად თუ ბუნებრივად ჩამოყალიბებული იმუნიტეტი და ორალური გზით მისაღები აბები დაგვეხმარება, რომლებიც უკვე გამოჩნდა.
ამ ყველაფერთან ერთად, გეიტსი ვარაუდობს, რომ ცოტა ხანში ვაქცინების დეფიციტის პრობლემაც მოიხსნება. ის იმედოვნებს, რომ იმუნიზაციას მსოფლიოს უკლებლივ ყველა ქვეყანაში მცხოვრები მოსახლეობა თავისუფლად შეძლებს, თუმცა, როგორ გადანაწილდება და რა მოთხოვნა იქნება პრეპარატებზე, ჯერჯერობით უცნობია.
შეგახსენებთ, რომ ბილ და მელინდა გეიტსების ფონდი სწორედ მსგავს დაავადებებთან ბრძოლაზეა ორიენტირებული. ის მოსალოდნელი პანდემიის შესახებ ჯერ კიდევ 2015 წელს გვაფრთხილდებდა და მისი თავიდან აცილების გზებსაც გვთავაზობდა.
ახლა კი მილიარდერი უკვე მომდევნო პანდემიებისთვის მომზადებისკენ მოგვიწოდებს, რისთვისაც, მისი აზრით, ათობით მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების მქონე მასშტაბურ კვლევებში გლობალური ჩართულობაა საჭირო. გეიტსი აღნიშნავს, რომ საერთო ძალისხმევის გარეშე, ამგვარ პრობლემებთან გამკლავება გაგვიჭირდება.
კომენტარები