საქართველოს ბანკის მობილბანკი მუდმივად ახლდება და იხვეწება, იმისათვის რომ ამ პროდუქტის გამოყენება და სხვადასხვა ფინანსური მიზნის მიღწევა ჩვენთვის სულ უფრო მარტივი და დროის დამზოგველი იყოს. აქ ყოველთვიურად ვხვდებით ახალ ფუნქციებს. არც ნოემბრის თვეა გამონაკლისი, რომლის განმავლობაშიც მობილბანკში 3 მთავარ სიახლეს შეხვდებით. ამჯერად, ძირითადი ცვლილებები ეხება ანაბრის განახლებას, გზავნილებსა და პროდუქტების გვერდს. ქვემოთ თითოეულ მათგანს განვიხილავთ.

მირჩიე ანაბარი

ამიერიდან, მობილბანკში ანაბრის შექმნის პროცესი კიდევ უფრო მარტივდება და ამის გაკეთება რამდენიმე კითხვაზე პასუხის გაცემის შემდეგ შეგვიძლია. მობილბანკი კითხვებზე ჩვენი პასუხის მიხედვით არჩევს ჩვენთვის ხელსაყრელი ტიპის ანაბარს და გვთავაზობს მას. სხვაგვარად რომ ვთქვათ, აქ შეგიძლიათ თქვენზე მორგებული ანაბრის შეთავაზების მიღება. აპლიკაციაში ასევე შეძლებთ ნახოთ თქვენთვის რელევანტური ანაბრის პირობები და შეადაროთ ის სხვა ტიპის ანაბრებსაც. ამ ყველაფრის შემდეგ, უფრო თავდაჯერებულად შეგიძლიათ, საბოლოოდ შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი ანაბარი.

გზავნილები

გზავნილების კუთხით მობილბანკში ორი რამ შეიცვალა. პირველი ისაა, რომ აქ არასავალდებულო ველებს ვეღარ შეხვდებით, უფრო კონკრეტულად კი აღარ იქნება საჭირო გამომგზავნის ქვეყნისა და გზავნილის თანხის მითითება. მეორე ცვლილება კი გზავნილის კონვერტაციის გზას ეხება. აქამდე მომხმარებელი ჯერ ირჩევდა ანგარიშს და თუკი გზავნილის ვალუტისგან განსხვავებული ვალუტის ანგარიშს უთითებდა, ავტომატურად ხდებოდა კონვერტაცია. ახლა კონვერტაციის შესაძლებლობა ბევრად ცხადი იქნება, ეს კი შემდეგნაირად მოხდება: გზავნილის კოდის შეყვანის შემდეგ გამოჩნდება გზავნილის თანხა და მისი ექვივალენტები სხვადასხვა ვალუტაში. შესაბამისად, მომხმარებელს იქვე შეუძლია აირჩიოს, რა ვალუტაში სურს გზავნილის მიღება/კონვერტაცია.

პროდქუტების გვერდი

რაც შეეხება პროდუქტების გვერდს, აქ უფრო ვიზუალური ნაწილი შეიცვალა, უფრო კონკრეტულად კი ქარდების განლაგება. აქამდე თითოეული პროდუქტის სანახავად ჩამოშლა იყო საჭირო, ახლა კი შუალედური გვერდი გაჩნდა, სანამ დეტალებში გადახვალთ. მაგალითად, თუ რამდენიმე ანგარიში გაქვთ, შუალედურ გვერდზე ნახავთ ჯამურ თანხას და თითოეულ ანგარიშს ცალკე.

სულ ახალი მობილბანკი მომავალ თვეებში კვლავ ეცდება პროდუქტი მაქსიმალურად მორგებული იყოს თანამედროვე საჭიროებებსა და გამოწვევებს. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, მორიგ სიახლეებს დაველოდოთ.