აშშ-ის კოსმოსურმა ძალებმა ჩინური თანამგზავრის მახლობლად უცნობი ობიექტი დააფიქსირა
ამერიკის შეერთებული შტატების კოსმოსურმა ძალებმა ჩინეთის მიერ დედამიწის ორბიტაზე გაშვებული ხელოვნური თანამგზავრის Shijian-21 მახლობლად ობიექტი დააფიქსირა, რომლის წარმომავლობაც ჯერჯერობით უცნობია.
ქვეყანამ სატელიტი კოსმოსში მიმდინარე წლის 23 ოქტომბერს, რაკეტით Long March-3B გაგზავნა. ადგილობრივი მედიის ცნობით, აპარატმა დანიშნულების ადგილამდე წარმატებით მიაღწია. როგორც ცნობილია, მისი მეშვეობით ორბიტული ნარჩენების მოსაშორებლად შექმნილი ტექნოლოგიის გამოცდა იგეგმება.
აშშ-ის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა Shijian-21-ის პარალელურად მოძრავი ობიექტი 3 ნოემბერს შენიშნეს და მას 2021-094C უწოდეს. მათი აზრით, ეს ძრავაა, რომელიც ორბიტაზე ტვირთის ასატანად გამოიყენება. როგორც წესი, მას თანამგზავრი იმ რეგიონში ტოვებს, სადაც კოსმოსური ნარჩენების, მათ შორის ექსპლუატაციიდან ამოღებული სატელიტების უმრავლესობაა თავმოყრილი. ეს ხომალდების მათთან შეჯახების რისკს ამცირებს.
შესაბამისად, კოსმოსური აპარატების მიერ გეოსტაციონარულ ორბიტაზე, რომელზეც Shijian-21 გადაადგილდება, ძრავის ჩამოშორება საკმაოდ ცუდი იდეაა და ასეთი რამ საკმაოდ იშვიათად ხდება. ეს ორბიტა დედამიწის ეკვატორის გასწვრივაა განლაგებული. მსგავსი ტრაექტორიით მოძრავი თანამგზავრი კი ჩვენი პლანეტის ნებისმიერი წერტილის მიმართ უძრავია.
ასეა თუ ისე, ზემოხსენებული ვარაუდი დაუდასტურებელია. ახლახან მიკვლეული ობიექტი, რომელსაც hijian-21-გან დაახლოებით 60 კილომეტრი აშორებს, შესაძლოა, არა ძრავა, არამედ სულ სხვა რამ იყოს.
კომენტარები