Tesla ახალ სახლის დამტენებს გაყიდის, რომლებიც სხვა ელექტრომობილებზეც იმუშავებს
Electrek-ის ინფორმაციით, Tesla-მ ახალი სახლის დამტენები გამოუშვა, რომლებიც სხვა ელექტრომობილებსაც დატენიან. ახალი დამტენები Tesla-ს ოფიციალურ საიტზე იმ დღეს გამოჩნდა, როდესაც კომპანიამ ნიდერლანდებში ახალი საპილოტე პროგრამის დაწყების შესახებ გვამცნო, რომლის ფარგლებშიც ქუჩებში არსებული ტესლას სუპერდამტენებით სარგებლობას სხვა ელექტრომობილებიც შეძლებენ. როგორც ჩანს Tesla-ს სურვილია გაზარდოს მისი სუპერდამტენებითა და სახლის დამტენებით მოსარგებლეთა რიცხვი, რის გამოც ის მათზე წვდომას სხვა მწარმოებლების ავტომობილებსაც უხსნის.
ახალი დამტენი სტანდარტულ J1772 შესაერთებელს იყენებს, რაც ჩრდილოეთ ამერიკაში მყოფ ყველა ელექტრომობილზე იმუშავებს. ფასი საკმაოდ მისაღებია — ახალი დამტენი 415 დოლარი ეღირება, თუმცა მის დასაამონტაჟებლად პროფესიონალი ელექტრიკოსი დაგჭირდებათ. Tesla-ს თქმით, დამტენი 9.6kW სიმძლავრის იქნება და მისი დამონტაჟება როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეში იქნება შესაძლებელი.
ტესლა თავის გზას ელექტრომობილების ბაზარზე წლებია იკვალავს. კედლის ახალი დამტენები და სუპერდამტენების ქსელის სხვებისთვის გახსნა იმაზე მიუთითებს, რომ კომპანია მზადაა მსოფლიო ელექტრომობილების ბაზრის ყველა უპირატესობა აითვისოს. თუ ტესლას დამტენებსა და სუპერდამტენების ქსელზე მოთხოვნა გაიზრდება ეს ტესლას მხოლოდ წაადგება. ახალი დამტენების გაყიდვით ტესლა იმდენ შემოსავალს ვერ ნახავს, რამდენსაც ძირითადი ბიზნესით, მანქანების გაყიდვით შოულობს, თუმცა ამ სეგმენტში ბაზარზე დიდი სიცარიელე იყო. უმეტეს შემთხვევაში სხვა მწარმოებლების ელექტრომობილებს თავიანთი დამტენები მოჰყვება, სხვა ალტერნატიული დამტენების პოვნა კი ბაზარზე საკმაოდ რთულია და მათ ძირითადად გაურკვეველი კომპანიები აწარმოებენ.
კომენტარები