Tesla თავისი სუპერდამტენებით სარგებლობის უფლებას სხვა ელექტრომანქანებსაც მისცემს
Tesla-მ ნიდერლანდებში ახალი საპილოტე პროგრამა წამოიწყო, რომლის ფარგლებშიც Tesla-ს სუპერდამტენებით სარგებლობის უფლებას სხვა მწარმოებლების ელექტრომობილებიც მიიღებენ. ეს პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც ტესლა თავის სუპერდამტენებს სხვებსაც გაუზიარებს.
Tesla-ს სუპერდამტენების ქსელი მიიჩნევა იდეალურ მაგალითად იმისა, თუ როგორ უნდა მოეწყოს ზოგადად მსგავსი ინფრასტრუქტურა — მოწყობილობები სწრაფი, სანდო და რაც მთავარია, ბევრია. თუმცა, დღემდე ტესლას დამტენების ქსელით სარგებლობა მხოლოდ ტესლას მფლობელებს შეეძლოთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ფოლკსვაგენის ან ფორდის ელექტრომობილის შემთხვევაში მათ ვერ გამოიყენებდით.
Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი, ილონ მასკი, წლების განმავლობაში საუბრობდა სუპერდამტენების ხელმისაწვდომობაზე და 2021 წლის ზაფხულის შემდეგ უკეთ გამოიკვეთა თუ როგორ იმუშავებდა ეს ყველაფერი. დღეს კი ტესლამ უკვე პირველი საპილოტე პროგრამაც წარადგინა.
პროგრამის ფარგლებში, ნიდერლანდებში სხვა ფირმის ელექტრომობილებს სუპერდამტენების 10 სადგური მოემსახურებათ. იმისათვის, რომ დამტენებით სარგებლობა შეძლონ, მძღოლებმა Tesla-ს აპლიკაციის ბოლო ვერსია უნდა გადმოწერონ (4.2.3 ან უფრო მაღალი). გადმოწერისა და დაყენების შემდეგ ისინი დამტენით სარგებლობის უფლებას მიიღებენ.
Tesla-ს მფლობელები ამ სადგურებით სარგებლობას ისევე გააგრძელებენ, როგორც აქამდე.
"ჩვენ კარგად დავაკვირდებით ნაკადთა გადაადგილებას და მოვისმენთ მომხმარებელთა შეფასებებსა და გამოცდილებას", — განაცხადა კომპანიამ პოსტში.
საპილოტე პროგრამის გასაშვებ ლოკაციად ნიდერლანდების არჩევა სიურპრიზი არ ყოფილა. ილონ მასკი აქამდეც აღნიშნავდა, რომ მსგავსი ექსპერიმენტი აუცილებლად ევროპიდან დაიწყებოდა, რადგან ევროპის ტერიტორიაზე, რეგულაციების თანახმად, სტანდარტული დამტენები უნდა გამოიყენებოდეს. სუპერდამტენების ქსელები ევროპაში ამერიკაზე სწრაფად გაიზრდება. ტესლას ერთ-ერთი ქსელი ნორვეგიაში უკვე აქვს.
კომენტარები