ჯეფ ბეზოსმა NASA-სთან და ილონ მასკთან სასამართლო წააგო
ხუთშაბათს ამერიკის ფედერალურმა სასამართლომ განაცხადა, რომ ჯეფ ბეზოსის კოსმოსურმა კომპანიამ, Blue Origin-მა NASA-სთან სასამართლო წააგო. მსოფლიოს ნომერ მეორე მილიარდერმა ნასას მას შემდეგ უჩივლა, რაც ამ უკანასკნელმა მთვარეზე ხელახლა გასაფრენად 2.9 მილიარდ დოლარიანი კონტრაქტი ილონ მასკის SpaceX-თან დადო.
NASA-მ კონტრაქტი SpaceX-თან აპრილში დადო. მას შემდეგ ჯეფ ბეზოსმა და მისმა Blue Origin-მა არაერთხელ ცადა ნასასთან საუბარი და დამდგარი რეალობის შეცვლა. ბეზოსმა ივლისში NASA-ს 2 მილიარდი დოლარით ხარჯების დაფარვაც შესთავაზა, თუ ის კონტრაქტს კიდევ ერთხელ გადახედავდა. ბეზოსმა ისიც აღნიშნა, რომ Blue Origin დამატებით დაფარავდა დედამიწის დაბალ ორბიტაზე გასვლის მისიის ხარჯებსაც.
SpaceX-თან კონტრაქტი როგორც უკვე ვთქვით, აპრილში გაფორმდა. NASA-ს მისიას Artemis ერქმევა და ის 2024 წელს მთვარეზე ადამიანების დასმას გულისხმობს. Artemis-ის ფარგლებში დედამიწიდან მთვარეზე პირველად გაფრინდება ქალი და ფერადკანიანი ასტრონავტი.
1972 წლის შემდეგ ადმიანი მთვარეზე აღარ დამჯდარა. SpaceX-ის დავალება პირველი კომერციული ხომალდის შექმნა იქნება, რომელიც Orion ხომალდიდან ასტრონავტებს მთვარეზე გადასვამს.
ამ ყველაფერს ილონ მასკმა ტვიტერზე სატირული მიმით უპასუხა და ჯეფ ბეზოსს კბილი კიდევ ერთხელ გაჰკრა.
თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე
კომენტარები