პატარა სელაპები დედის ყურადღების მისაქცევად ხმის ტონს ადამიანების მსგავსად იცვლიან — კვლევა
ადამიანები საუბრისას ხმის ტონს ძალიან ხშირად იცლიან, რითაც გაოცებას, დაეჭვებასა თუ სიხარულს გამოხატავენ. ჩვენ მიერ გამოცემული ბგერების ამგვარი კონტროლი ასევე მეტყველებასა და ადრეულ ასაკში ახალი ხმების სწავლაში გვეხმარება. მსგავსი რამ სხვა ძუძუმწოვრებში იშვიათად გვხვდება. ერთ-ერთი ასეთი გამონაკლისია ჩვეულებრივ სელაპთა სახეობაც.
ნიდერლანდებში მდებარე მაქს პლანკის ფსიქოლინგვისტიკის ინსტიტუტში მომუშავე მეცნიერებმა კოლეგებთან ერთად სწორედ ამ ცხოველთა ნაშიერები შეისწავლეს და აღმოაჩინეს, რომ მათი ვოკალიზაცია გარემოში არსებულ ხმაურზეა დამოკიდებული. ამის შესახებ ისინი გამოცემაში Philosophical Transactions of the Royal Society B გამოქვეყნებულ ნაშრომში გვიყვებიან.
1980-იან წლებში სახელი საქვეყნოდ გაითქვა სელაპმა ჰუვერმა, რომელიც ადამიანის ხმას ბაძავდა, რისი დამადასტურებელი ჩანაწერებიც ინტერნეტსივრცეში საჯაროდაა ხელმისაწვდომი. იმის გასაგებად, თუ რამდენად ახასიათებთ მსგავსი ვოკალური შესაძლებლობები ამ სახეობის სხვა წარმომადგენლებს, მეცნიერებმა 8 ახალდაბადებული ინდივიდი გამოიკვლიეს.
1-3 კვირის სელაპები ნიდერლანდებში არსებულ სპეციალურ დაწესებულებაში Sealcentre Pieterburen იყვნენ მოთავსებულნი და მათი ოკეანეში დაბრუნება იგეგმებოდა, თუმცა მანამდე ნაშრომის ავტორებმა მათზე ექსპერიმენტის ჩატარება გადაწყვიტეს. მათ ცხოველებს ჩრდილოეთის ზღვის მიმდებარედ ჩაწერილი ხმები მოასმენინეს, რომელთა სიმძლავრე 0-დან 65 დეციბელამდე მერყეობდა.
პატარა სელაპები ხმაურის დროს ვოკალიზაციას იცვლიდნენ და ბგერის "ფუნდამენტურ სიხშირეს" ადაბლებდნენ. ისინი ძუძუმწოვართა უმეტესობის მსგავსად, ტონს კი არ უწევდნენ, არამედ ბგერითი ტალღის სხვაგვარ სიხშირეს მიმართავდნენ. სპეციალისტთა თქმით, ასე ცხოველები თავიანთ დედებთან კომუნიკაციის დამყარებას ცდილობენ.
მკვლევრები იმედოვნებენ, რომ უკანასკნელი მიგნება მეტყველების წარმოშობისა და განვითარების შესახებ მეტის გაგებაში დაგვეხმარება.
კომენტარები