ნორვეგიაში ხელუხლებელი თხილამურები აღმოაჩინეს, რომლებიც 1300 წლით თარიღდება
2014 წელს ნორვეგიელმა არქეოლოგებმა მთის თხემზე ერთი ცალი ხის თხილამური აღმოაჩინეს. მან 1300 წელი დაყო ყინულში და, თავისთავად, კარგადაც შემოგვენახა — თხილამურს არყის ხის თოკისა და ტყავის თასმებისაგან დამზადებული ხელშეუხებელი სამაგრი აქვს.
მოგეხსენებათ, თხილამურების წყვილი ზოგადად ორი ნაწილისაგან შედგება ხოლმე, ამიტომაც არქეოლოგები ზაფხულში, ტემპერატურის მატებისას, დაკარგული მეორე ნახევრის გამოჩენის იმედით ყინულის მომცრო მონაკვეთს აკვირდებოდნენ ხოლმე.
მათმა მოთმინებამ შედეგი 7 წლის შემდეგ გამოიღო: სექტემბრის მიწურულს გუნდმა 187 სანტიმეტრი სიგრძისა და 17 სანტიმეტრი სიგანის მეორე თხილამური იპოვა — დნობად ყინულში ნაწილობრივ ჩაფლული, აღმოჩენის პირველი კერიდან 5 მეტრის დაშორებით.
როგორც მეცნიერებმა განაცხადეს, ეს მსოფლიოში ყველაზე კარგად შემონახული უძველესი თხილამურებია. მართალია, აქამდეც უპოვიათ ფრაგმენტები, რომლებიც ძველი წელთაღრიცხვით 6000 წლით თარიღდებოდა, თუმცა არასოდეს უნახავთ ხელშეუხებელი სამაგრები, რომლებიც თხილამურთა გამოყენების ხერხზე მოგვაწვდიდა ინფორმაციას.
თხილამურები, რომლებიც ზამთრის პერიოდში გადაადგილებისათვის უნდა ყოფილიყო გამოყენებული, არაერთხელ იყო შეკეთებული, რაც იმის მანიშნებელია, რომ სხვით ჩანაცვლებისათვის ზედმეტად ძვირფასი გახლდათ. ისინი ერთმანეთის იდენტური არაა, რისი მიხედვითაც ორი თხილამური სხვადასხვა წყვილებიდან აღმოჩნდა ერთად.
მკვლევრები ფიქრობდნენ, რომ შესაძლოა, მათი ძირი ბეწვით ყოფილიყო დაფარული — აღმართზე ასვლისას მოჭიდებისათვის — თუმცა ახლად აღმოჩენილ მათგანს ცენტრის გაყოლებაზე ფართო ღარი გასდევს, რომელიც დაფარვის შემთხვევაში ფუნქციას დაკარგავდა. შესაბამისად, ბეწვი დიზაინის ნაწილი არ ყოფილა.
საბოლოოდ მაინც გაუგებარია, თუ რა შეიძლება დამართოდა მათ პატრონს. მკვლევრები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, მოთხილამურემ ისინი დატოვა და სანადიროდ გაეშურა, თუმცა თოვლში საკუთრებას ვეღარ მიაგნო. შესაძლებელია ისიც, რომ სრიალისას უბედური შემთხვევა მოხდა, მონადირე კი ძალიან დაზიანდა და ვერც ყინულოვანი სიმაღლიდან ჩამოსვლა მოახერხა, ამ სცენარით კი დიდი შანსია, ყინული სხვა, ბევრად საინტერესო მოულოდნელობებსაც გვიმზადებდეს.
კომენტარები