Squid Game-ის კრიპტო $0-ზე ჩამოვიდა — თაღლითებმა მომხმარებლებს 2 მილიონი დოლარი მოპარეს
ციფრული ვალუტა, რომელიც Netflix-ის პოპულარულ სერიალ Squid Game-ის სახელს ატარებდა, ახლა $0-ზეა ჩამოსული, რადგან მისმა შემქმნელებმა ფული მოიპარეს და ადამიანების 2.1 მილიონი დოლარი მიისაკუთრეს.
კრიპტოვალუტას SQUID ერქვა და CoinMarketCap-ის მიხედვით, მისი ფასი განულებამდე დაახლოებით 2.861 დოლარს შეადგენდა. ეს ტოკენი პირველად Gizmodo-მ შენიშნა. ასეთ თაღლითურ სქემებს კრიპტოსამყაროში "rug pull"-ებს ეძახიან. ეს იმას ნიშნავს, რომ კოინის შემქმნელები ფულს ითვისებენ და ქრებიან. თვითონ ვალუტა კი უფასურდება.
CoinMarketCap-ის მიხედვით, rug pull-მდე SQUID-ის კაპიტალიზაცია $2 მილიონს შეადგენდა.
SQUID იყო ტოკენი, რომელიც თითქოს სერიალთან დაკავშირებულ ონლაინ თამაშში უნდა გამოგვეყენებინა. Gizmodo-მ თავიდანვე აღნიშნა, რომ ტოკენი საეჭვოდ გამოიყურებოდა, თუმცა ადამიანებმა ის მაინც საკმაოდ დიდი რაოდენობით შეიძინეს.
SQUID-ის მთავარი პრობლემა ის იყო, რომ ყიდვის შემდეგ გაყიდვის უფლებას აღარ გაძლევდა. იმისთვის, რომ SQUID გაგეყიდათ, დამატებით სხვა ტოკენის ყიდვა იყო საჭირო, რაც ასევე თაღლითურ სქემაში ჩაგითრევდათ.
Netflix-მა CNN-ს ოფიციალურად განუცხადა, რომ ის კრიპტოვალუტასთან არანაირ კავშირში არაა. CNN ასევე დაუკავშირდა SQUID-ის დეველოპერებს, თუმცა მათგან პასუხი არ მიუღია.
კომენტარები