ნახეთ ვიდეო: სტარტაპმა მფრინავი მოტოციკლი შექმნა — ის 100კმ/სთ სიჩქარეს ავითარებს
თუ თვლით, რომ მფრინავი მანქანები და მოტოციკლები შორეული მომავალია, ცდებით.
იაპონურმა სტარტაპმა, A.L.I. Technologies-მა შექმნა მფრინავი მოტოციკლი, რომელსაც 100 კილომეტრი საათში სიჩქარით ფრენა შეუძლია. სტარტაპს ზურგს ფეხბურთელი Keisuke Honda უმაგრებს, ისინი ასევე მუშაობენ ისეთ გიგანტებთან, როგორიცაა Mitshubishi Electric და Kyocera.
A.L.I. Technologies თვლის, რომ მფრინავი მოტოციკლი მომავლის ტრანსპორტია და ისინი ნელ-ნელა სულ უფრო პოპულარული გახდება. თუმცა, უნდა ითქვას, რომ მათ პოპულარობას ფასი ნამდვილად შეუშლის ხელს. A.L.I.-ს შემოქმედების საწყისი ფასი 680 000 ამერიკული დოლარი იქნება. მათ ყიდვას მხოლოდ უმდიდრესი ადამიანები შეძლებენ. მფრინავი მოტოციკლი გაყიდვაში 26 ოქტომბერს ჩაეშვა.
ეს სცენა სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმს მოგაგონებთ, თუმცა რეალობაა. სტარტაპმა მფრინავი მოტოციკლი ტოკიოს ავტოდრომზე, ფუძის მთის მახლობლად გამოსცადა და საჰაერო ილეთებიც გვანახა.
მოტოციკლის სრული სახელი XTURISMO Limited Edition იქნება. ის კონვენციურ ძრავსა და 4 ელექტრო მოტორს იყენებს. მას ფრენა 40 წუთის განმავლობაში შეუძლია და როგორც უკვე ვთქვით, 100კმ/სთ-ს განვითარება შეუძლია. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
იაპონიის მკაცრი რეგულაციების გამო, მფრინავი მოტოციკლის გამოყენება მხოლოდ სარბოლო ტრეკებზე იქნება დაშვებული და მისი გამოყენებით ტოკიოს გზატეკცილებზე ჯერ ნამდვილად ვერ იფრენთ. თუმცა, სტარტაპი თვლის, რომ ეს დღეც მალე მოვა და მომავალში მფრინავი მოტოციკლების ნახვა არავის გაუკვირდება.
A.L.I. მიიჩნევს, რომ მოტოციკლი სამაშველო ჯგუფებს ძალიან გამოადგებათ. ევაკუაციებისა თუ სხვა სახიფათო მდგომარეობების დროს, ხშირია შემთხვევები, როდესაც მაშველები ადამიანებამდე რთული რელიეფის გამო ვერ აღწევენ. მფრინავი მოტოციკლი კი მისვლას ყველგან შეძლებს.
სტარტაპი 200 ასეთი მოტოციკლის შექმნას გეგმავს და მათი მიწოდება 2022 წლის პირველ ნახევარში უნდა დაიწყოს.
აქვე გეტყვით, რომ დუბაის პოლიცია და ამერიკის შეერთებული შტატების არმია აქტიურად განიხილავს მფრინავი მოტოციკლების საველე პირობებში გამოყენების შესაძლებლობებს.
კომენტარები