ყველაფერი, რაც Apple-ის ახალ MacBook Pro 14-სა და 16-ზე უნდა იცოდეთ — მოკლედ
გუშინ Apple-ის 2021 წლის მეორე მთავარი ღონისძიება გაიმართა და ტექნოლოგიურმა გიგანტმა ახალი აიფონების შემდეგ ნანატრი, განახლებული 14 და 16 ინჩიანი MacBook Pro-ები წარადგინა.
სანამ თითოეული ლეპტოპის განხილვას დავიწყებდეთ გეტყვით, რომ Apple-მა მათი დიზაინი რადიკალურად შეცვალა. ახალი MacBook-ები Apple-ის M1 Pro და M1 Max პროცესორებს მიიღებენ, ლეპტოპებს ამჯერად ახალი პორტებიც ექნებათ და მხოლოდ Thunderbolt პორტებით არ შემოიფარგლებიან. ახალ მაკბუქებში Apple-მა HDMI პორტი, SD ბარათების წამკითხველი და MagSafe 3 დამტენის პორტიც დააბრუნა. ეს მცირე ზოგადი მიმოხილვა იყო, ახლა კი შეგვიძლია ორივე მოდელის დეტალურ განხილვაზე გადავიდეთ.
MacBook Pro 14
14 ინჩიანი MacBook Pro, ალბათ, დღეს დედამიწაზე კომპაქტურ ლეპტოპებს შორის უკვე ყველაზე ძლიერია. ზუსტად რომ ვთქვათ, მას 14.2 ინჩიანი 120 ჰერციანი Mini Led ეკრანი აქვს, რომელსაც Apple "Liquid Retina Pro XDR-ს" ეძახის. მას უფრო პატარა ჩარჩოები აქვს შუაში კუნძული ამშვენებს, რომელშიც 1080p კამერაა მოთავსებული. რაც შეეხება გარჩევადობას, 14 ინჩიანი მოდელი 3024 x 1964-ზე იმუშავებს. მისი პიკური სიკაშკაშე კი 1 600 ნიტს აღწევს.
თუ Apple-ის საიტზე შევალთ, 14 ინჩიანი მაკბუქის კონფიგურაციაში ვნახავთ, რომ ლეპტოპის პროცესორის რამდენიმე ვერსიის არჩევა შეგვიძლია. პირველ რიგში, ავირჩევთ M1 Pro გვსურს თუ M1 Max. ორივე პროცესორის შემთხვევაში შეგვიძლია 10 ბირთვი ავირჩიოთ, თუმცა Pro-ს ვიდეო ამაჩქარებელი 14 ან 16 ბირთვიანი უნდა იყოს, ხოლო თუ Max-ს ავირჩევთ GPU ბევრად უფრო მძლავრი, 24 ან 32 ბირთვიანი იქნება. ახალი MacBook Pro სტანდარტულად 16 გიგაბაიტ ოპერატიულ მეხსიერებას მიიღებს, M1 Pro-ს შემთხვევაში 32 გიგაბაიტიანი ვერსიის არჩევაც შეგვიძლია, ხოლო თუ M1 Max გვინდა, აქ უკვე 64გბ ოპერატიულიან ვერსიასაც შევხვდებით. აქვე, აღსანიშნია, რომ 14 ინჩიანი მოდელის საწყისი ფასი 1 999 დოლარია. ამ ფასად M1 Pro-ს "შეკვეცილი" ვერსიის ყიდვაა შესაძლებელი, რომელსაც პროცესორის 8 ბირთვი და GPU-ს 14 ბირთვი ექნება.
ასევე იხილეთ: Apple-მა ორი ახალი პროცესორი M1 Pro და M1 Max წარადგინა
სტანდარტულ მოდელს 67 ვატიანი დამტენი მოყვება. თუ "ნამდვილ" M1 Pro-ს აირჩევთ, რომელსაც 10 ბირთვი და 16 ბირთვიანი GPU აქვს, ამ შემთხვევაში უკვე 2 200 დოლარის გადახდა მოგიწევთ, მაგრამ 96 ვატიან დამტენსაც მიიღებთ.
14 ინჩიან MacBook Pro-ებს გარდა იმისა, რომ ძველი პორტები დაუბრუნდა, მესამე Thunderbolt პორტიც დაემატა. ასევე, წინა M1-ზე მომუშავე მოდელისგან განსხვავებით, აქ უკვე Thunderbolt 4 პორტს ვხვდებით. ლეპტოპს ყურსასმენის შესაერთებელი პორტიც ექნება.
ასევე, უნდა ვთქვათ, რომ M1-იან MacBook Pro-ს შეზღუდვა ჰქონდა, მასთან მხოლოდ 1 გარე მონიტორის დაკავშირება იყო შესაძლებელი. M1 Pro-ს 2 Pro Display XDR-თან მუშაობაც შეეძლება, ხოლო Max-ზე სამი მონიტორის დაკავშირებასაც შევძლებთ.
MacBook Pro 16
Apple-მა 14 ინჩიანი მოდელის შემდეგ, კიდევ უფრო მძლავრი, 16 ინჩიანი MacBook Pro-ც წარადგინა. მოდელი ორ ფერში, ვერცხლისფერსა და ნაცრისფერში იქნება ხელმისაწვდომი. მისი საწყისი ფასი კი $2 499-დან დაიწყება.
16 ინჩიანი მოდელის შემთხვევაშიც ჩვენ შევძლებთ ავირჩიოთ M1 Pro ან M1 Max პროცესორები. ამ შემთხვევაში სტანდარტულ მოდელს 10 ბირთვი ექნება, 8 მაღალი წარმადობის, ორი კი ენერგოეფექტური. M1 Max-ის ვიდეო ამაჩქარებელს ორჯერ უფრო მეტი ბირთვი აქვს, ვიდრე M1 Pro-ს (32 და 16).
შეიცვალა ლეპტოპის ვიზუალიც. ის ახლა 2.13 კილოგრამს იწონის და სისქეში 16.8 მილიმეტრია. ეკრანის ზომა ზუსტად 16.2 ინჩს შეადგენს. თაჩბარი ფიზიკური ღილაკებით ჩანაცვლდა. ლეპტოპის მარჯვენა მხარეს HDMI-ის და Thunderbolt 4 პორტებია, აქვეა SDXC სლოტიც. მარცხენა მხარეს ყურსასმენების პორტი და ორი Thunderbolt 4 პორტია. M1 Pro-თი აღჭურვილი 16 ინჩიანი მოდელი, 14-იანის მსგავსად, მხოლოდ 2 გარე ეკრანთან დაკავშირებას შეძლებს. M1 Max-იანი ვერსია კი 3 ეკრანთან და დამატებით ერთ 4K ტელევიზორთან დაკავშირებას შეძლებს.
პირველი MacBook Pro 16 2019 წელს გამოვიდა და ის Intel-ის i9 პროცესორებით იყო აღჭურვილი, მას წარმადობაც იდეალური ჰქონდა, თუმცა მომხმარებლები პორტების ნაკლებობას უჩიოდნენ, მას ორივე მხარე მხოლოდ ორ-ორი Thunderbolt 3 პორტი ჰქონდა. Apple-მა ეს პრობლემა გამოასწორა.
აქვეა განახლებული 1080p კამერაც, რომელსაც Apple თქმით, დაბალ განათებაში ორჯერ უფრო კარგი გამოსახულება აქვს, ვიდრე წინა MacBook-ებს ჰქონდათ. ლეპტოპმა განახლებული აუდიო სისტემაც მიიღო, მას 6 დინამიკი აქვს და 360 გრადუსიანი ხმის გადმოცემა შეუძლია. ეკრანი, რათა თქმა უნდა, 120 ჰერციანი ProMotion Liquid Retina XDR-ია, რომლის პიკური სინათლეც 1 600 ნიტს აღწევს. ლეპტოპის კორპუსი მთლიანად ალუმინისგანაა დამზადებული. Apple-მა პრეზენტაციაზე ახალი გაგრილების სისტემაც გვანახა და აღნიშნა, რომ მას "50%-ით უფრო მეტი ჰაერის ბრუნვა" შეუძლია.
Apple-ის თქმით, ლეპტოპი ვიდეოს რეჟიმში, ერთი სრული დატენვით, 21 საათის განმავლობაში უწყვეტად გაძლებს. ეს მას ყველაზე გამძლე MacBook-ად აქცევს. რა თქმა უნდა, ელემენტის ხანგრძლივობა დატვირთვაზე იქნება დამოკიდებული და მძიმე სამუშაოს შესრულების დროს ის 21 საათი ნამდვილად ვერ გაძლებს, მაგრამ MacBook Pro-ს MagSafe 3 პორტიც აქვს და Fast Charge ფუნქციაც, რითიც ის 50%-მდე 30 წუთში იტენება.
გასულ წელს M1-იანი MacBook-ის გამოსვლამ ტექნოლოგიური სამყარო თავდაყირა დააყენა. თუმცა, უამრავმა ადამიანმა მისი ყიდვისგან თავი 13 ინჩიანი ეკრანის გამო შეიკავა, ამასთანავე ეს Apple-ის მხრიდან საკუთარი პროცესორის მოსინჯვის პირველი მცდელობა იყო, რაც კიდევ ერთი მიზეზი გახდა იმისათვის, რომ ძალიან ბევრ მომხმარებელი დღემდე 14 და 16 ინჩიან MacBook Pro-ებს ელოდებოდა.
თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე
კომენტარები