აშშ-ში McDonald's-ის მენიუში მალე მცენარეული "ხორცის" ბურგერი გამოჩნდება
სწრაფი კვების რესტორნების უმსხვილესი ქსელი McDonald's ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარე ფილიალებში მცენარეული "ხორცისგან" დამზადებული ბურგერის შეტანას გეგმავს. ეს საკვები ქალაქ ლოს ანჯელესში დაფუძნებულ კომპანია Beyond Meat-თან თანამშრომლობითაა შექმნილი.
როგორც ცნობილია, ახალ პროდუქტს McPlant ერქმევა, McDonald's-ის საფირმო ბურგერისთვის დამახასიათებელი გემო ექნება და ვიზუალურადაც მას დაემგვანება. ჯერჯერობით გაურკვეველია, ვიხილავთ თუ არა მას აშშ-ის გარეთ.
კონკურენტების, Burger King-ისა და KFC-ის მსგავსად, McDonald's საკუთარი მენიუს გამრავალფეროვნებას ცდილობს და სურს, მომხმარებლებს ხორცის შემცვლელი მცენარეული საკვები შესთავაზოს. აღსანიშნავია, რომ მან ამგვარი, საცდელი ბურგერის გაყიდვა პირველად 2019 წელს, ევროპასა და კანადაში დაიწყო.
ასევე, იხილეთ: მალე აშშ-ის მაღაზიებში მცენარეული "ქათმის" ჩხირები გაიყიდება
McPlant-იც სწრაფი კვების გიგანტის ზემოხსენებული გეგმის ნაწილია. ის ბარდას, ბრინჯს, კარტოფილს, სეზამის მარცვლებიან ფუნთუშებს, პომიდორს, სალათის ფოთოლს, დამარინადებულ კიტრს, ხახვს, მაიონეზს, კეტჩუპს, მდოგვსა და ამერიკულ ყველს შეიცავს.
McDonald's-მა ეს პროდუქტი შვედეთში, დანიაში, ნიდერლანდებში, დიდ ბრიტანეთსა და ავსტრიაში უკვე გამოცადა. 3 ნოემბრიდან კი მას აშშ-შიც დააგემოვნებენ. McPlant ქვეყნის მასშტაბით 8 რესტორანში გამოჩნდება. აღნიშნული ფილიალები ტექსასის, კალიფორნიისა და ლუიზიანის შტატების სხვადასხვა ქალაქშია განლაგებული.
კომენტარები