ლუდომანია, იგივე აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება, დღევანდელ საქართველოში სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, თამაშისადმი მოწოდების გამომხატველი ფერად-ფერადი ბანერები კი კვლავაც ყოველი ფეხის ნაბიჯზე გვხვდება.

სწორედ ამიტომ, დღეს გუნდზე მოგითხრობთ, რომელმაც პირველი ქართული ონლაინ სარეაბილიტაციო ცენტრის შექმნა განიზრახა. წამოწყებას DAYONE — "დღე პირველი" — ეწოდება და GITA-ის 100 000-ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ერთ-ერთი გამარჯვებული გახლავთ.

პროექტის ძირითადი ნაწილი დასრულებულია, თუმცა ამჟამად ტექნიკური დამუშავების პროცესს გადის და ონლაინსივრცეში, დაახლოებით, ერთი თვის ვადაში ჩაეშვება, მე კი ამასობაში მის დამაარსებელს, გუგა ბესელიას გავესაუბრე.

"დღე პირველი" — შექმნის იდეა

როგორც მისი შემქმნელები ამბობენ, საქართველოში DAYONE პირველი ონლაინ სარეაბილიტაციო ცენტრი იქნება.

გუგა ბესელია აზარტული თამაშების კვლევის და ლუდომანიის პრევენციის ცენტრის საბჭოს წევრი გახლავთ. დაწესებულება ლუდომანიის პრობლემაზე 2018 წლიდან მუშაობს, ონლაინ სარეაბილიტაციო ცენტრის შექმნის იდეა კი სწორედ დიდი მომართვიანობის შედეგად გაჩნდა.

"სარეაბილიტაციო ცენტრები, რომლებიც საქართველოში ამ ეტაპისთვის გვაქვს, საკმაოდ მაღალი ფასით გამოირჩევა და ვერც ანონიმურობის 100 პროცენტიან გარანტიას იძლევა, ეს კი ბენეფიციარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია", — განაცხადა გუგამ.

მისი თქმით, ანონიმურობის საკითხი მათთან სრულად იქნება დაცული, მომსახურება კი იმაზე იაფი დაჯდება, ვიდრე ფიზიკურ სივრცეში არსებულ სარეაბილიტაციო ცენტრებში. ამგვარ ცენტრებთან შედარებით დიდი უპირატესობაა ისიც, რომ ბენეფიციართა რაოდენობა ნაკლებად იქნება შეზღუდული.

გუგამ ასევე აღნიშნა, რომ რეგიონებში მცხოვრები ხალხის მხრიდან მომართვიანობა საკმაოდ მაღალია, თუმცა სარეაბილიტაციო ცენტრთა დიდი ნაწილი თბილისში მდებარეობს, რაც ბენეფიციართა მხრიდან სერვისის მიღებას აბრკოლებს. სწორედ ამ დროს, ამ მოცემულობაში, მომსახურება მთელი საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ კუთხეში მცხოვრები პირისათვის იქნება ხელმისაწვდომი.

ფსიქოლოგთა გუნდი

მოგეხსენებათ, საქართველოში თერაპევტთა ლიცენზირების საკითხი საკმაოდ პრობლემურია და დიდად ვერც ამის დარეგულირებით დავიტრაბახებთ, თუმცა DAYONE-ის გუნდთან დაკავშირებით ამას ნამდვილად ვერ ვიტყვით:

"ჩვენი გუნდი კვალიფიციურ ფსიქოლოგებს აერთიანებს ადიქციის, ანუ დამოკიდებულების მიმართულებით", — ამბობს სტარტაპის დამფუძნებელი — "ფსიქოლოგები ევროპული აკრედიტების მქონე სპეციალისტები არიან, რომლებიც წლებია, ამ მიმართულებით მუშაობენ, რაც ქართული რეალობისთვის ნამდვილი ფუფუნებაა".

"დღე პირველის" გუნდის წევრები

ფოტო: გუგა ბესელია

თავისთავად, წამოწყების გამართული ფუნქციონირებისათვის მხოლოდ ფსიქოლოგთა კვალიფიციური პერსონალი არ კმარა, ამიტომაც DAYONE-ის გუნდი მარკეტინგისა და ფინანსების მიმართულებითაც არაერთ გამოცდილ სპეციალისტს მოიცავს. გუნდში DAYONE-ზე მომუშავე პროგრამისტებიც გვხვდებიან, ონლაინ სარეაბილიტაციო ცენტრში წარმოდგენილ ვიდეომასალებზე კი საზოგადოებრივმა მაუწყებელმა აიღო პასუხისმგებლობა.

DAYONE-ის მისია

უპირველეს ყოვლისა, DAYONE-ის მიზანია, ადამიანებს გამოჯანმრთელების საშუალება მიეცეთ. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხები დღესაც კი საკმაოდ სტიგმატიზებულია, გუნდმა მიზნად დაისახა, ფსიქორეაბილიტაცია ტრენდად აქციოს. მათ ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა სურთ და თვლიან, რომ სათამაშო ბიზნესი გარკვეულ შეზღუდვებს უნდა ემორჩილებოდეს.

გუგას თქმით, მიდგომა არა მხოლოდ დამოკიდებული ადამიანებისთვისაა განკუთვნილი, არამედ მათი ოჯახების, ანუ თანადამოკიდებულების მიმართულებითაც იქნება გამოსადეგი.

"ლუდომანია კომპლექსური ფსიქიკური დაავადებაა და დახმარება არა მხოლოდ თამაშდამოკიდებულებს, არამედ მათ ოჯახის წევრებსაც სჭირდებათ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, თუმცა ვფიქრობ, საქართველოში ამის დეფიციტია".

მსოფლიოს მასშტაბით მსგავსი ტიპის აპლიკაციები ნამდვილად არსებობს, თუმცა, გუგას თქმით, DAYONE სრული გამოჯანმრთელებისათვის საჭირო კომპლექსური მიდგომები ყველასგან გამოარჩევს.

"კომპლექსური მიდგომა გულისხმობს, რომ გამოჯანმრთელება რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე დგას. ეს არის: თვითდახმარების ჯგუფები, ფსიქოთერაპია, სავარჯიშოები და დავალებები, რომელიც ყველა დამოკიდებულმა ადამიანმა უნდა აკეთოს ყოველდღიურ რეჟიმში. შესაბამისად, ეს არის ის კომპლექსი, რომელიც სრულყოფილ გამოჯანმრთელებას გულისხმობს".

რესოციალიზაცია

მიუხედავად რეაბილიტაციის კომპლექსური მიდგომისა, გუნდის მისია აქ სულაც არ სრულდება. მოგეხსენებათ, შესაბამისი მკურნალობის გავლის შემდეგ ბენეფიციარებს საზოგადოებაში თავის დამკვიდრება უჭირთ, ეს კი ხშირად წინარე შედეგების წყალში ჩაყრით სრულდება. აქ სწორედ რესოციალიზაციის საკითხი იჩენს თავს.

"ადიქციის მქონე ადამიანების რესოციალიზაცია ასევე უმნიშვნელოვანესი საკითხია. ამ მიმართულებით გუნდს საკუთარი ხედვები გააჩნია: გვინდა რეაბილიტაციის შემდეგ ამ ადამიანებს სასურველი სპეციალობები შევასწავლოთ აბსოლუტურად უფასოდ, რათა ისინი საზოგადოებას სრულყოფილ წევრებად დაუბრუნდნენ", — ამბობს გუგა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ამგვარი მიდგომა შვედეთის ერთ-ერთი სარეაბილიტაციო ცენტრის წარმატებულ გამოცდილებას ეყრდნობა.

ტექნიკური დეტალები

როგორც ზემოთ ვახსენეთ, ტექნიკურ დეტალებზე მუშაობა თითქმის დასრულებულია და ცენტრიც მალევე დაიწყებს მუშაობას.

"DAYONE ონლაინ პლატფორმა იქნება — როგორც ვებვერსია, ასევე აპლიკაცია, ანდროიდისთვის და IOS-ისთვის. პორტალზე შესვლისას მომხმარებელი (დამოკიდებული, თანადამოკიდებული) ავსებს ტესტს, რომელიც განსაზღვრავს დამოკიდებულება/თანადამოკიდებულების არსებობა/არარსებობას. დამოკიდებულება/თანადამოკიდებულების არსებობის შემთხვევაში, პორტალი მომხმარებელს უწევს რეკომენდაციას ანგარიშის ("ექაუნთის") გახსნასთან დაკავშირებით", — ხსნის გუგა.

მისი თქმით, ამის შემდეგ მომხმარებელს საბაზისო ინფორმაცია ეძლევა დამოკიდებულების, ლუდომანიის რაობის შესახებ და გამოჯანმრთელებისთვის საჭირო სერვისებისა და მათი დანიშნულების შესახებაც იგებს. ამისათვის როგორც ვიდეომასალა, ასევე სტატიებიც გამოიყენება.

"დღე პირველის" გუნდმა რეაბილიტაცია 7 ეტაპად დაყო, თითოეულ მათგანს კი "დღე" უწოდა. სტარტაპის დამფუძნებლის თქმით, რთული განსასაზღვრია, თუ რა დრო დასჭირდება ბენეფიციარს ამ ეტაპების გასავლელად, თუმცა გვირჩევს, რომ სასურველია, მკურნალობა ერთი წლის მანძილზე გადაიჭიმოს.

ფოტო: გუგა ბესელია

"ამ 7 ეტაპზე დამოკიდებული და თანადამოკიდებული სრულ სარეაბილიტაციო კურსს გადიან, ეტაპები (დღეები) კი სხვადასხვა ტიპის ყოველდღიური დავალებებისგან და სავარჯიშოებისგან შედგება. ასევე მნიშვნელოვანია თვითდახმარების ჯგუფებში ჩართულობა და ჯგუფური და ინდივიდუალური ფსიქოთერაპიაც".

ონლაინ სარეაბილიტაციო ცენტრში ყოველგვარი კომუნიკაცია ვიდეოს ან ვიდეოზარის მეშვეობით წარიმართება, სრული ანონიმურობის მოთხოვნის შემთხვევაში კი, ბენეფიციარი არა ვიდეო, არამედ აუდიო ზარით ისარგებლებს, რომელსაც ხმის შეცვლის ფუნქცია ექნება.

რას უნდა ველოდოთ DAYONE-ისგან

DAYONE-ის გუნდში გლობალური ბაზრის მოცვასაც გეგმავენ.

"გამომდინარე იქიდან, რომ ვფიქრობთ, DAYONE თავისი კომპლექსურობით უმნიშვნელოვანესი პროდუქტია, უცხოურ ბაზარზე გასვლის საკითხი ეტაპებად დავყავით. სხვადასხვა კვლევები რომ შევადაროთ ერთმანეთს, ქართველების მენტალობა ყველაზე ახლოს დსთ-ის ქვეყნებთანაა, შესაბამისად გლობალური ბაზრის დაპყრობას პირველად ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებით დავიწყებთ".

მათი აზრით, ეს შესაბამისი გამოცდილების მიღების შემდეგ, საქართველოში ჩაშვებიდან დაახლოებით 2 წელში უნდა მოხდეს, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში დაგროვილ პრაქტიკასა და მიღებულ მონაცემებს კი უკვე ევროპისა და ამერიკისათვის გამოიყენებენ.

ფსიქოლოგიისა და ხელოვნური ინტელექტის სინთეზი

მოგეხსენებათ, დღესდღეობით არაერთი სფეროს განვითარება დიდწილად სწორედ თანამედროვე ტექნოლოგიებზეა დამოკიდებული, DAYONE-ის გუნდს კი ამასთან დაკავშირებითაც აღმოაჩნდა სამომავლო ხედვა.

გუგას თქმით, წამოწყების ფინიში ხელოვნური ინტელექტის დანერგვით ამ ამოცანის გაიოლება იქნება, ფსიქოლოგიის მიმართულებით გამოსაყენებელ AI-ზე მუშაობას კი უკვე იწყებენ.

"ფსიქოლოგები სხვადასხვა ტიპის სამუშაოს ასრულებენ, ხოლო ადამიანური რესურსის დასაზოგად, შავი, საბაზისო სამუშაოსათვის, რომელიც ყველა ადამიანთან ერთნაირია, ხელოვნური ინტელექტს გამოვიყენებთ".

ხელოვნურ ინტელექტზე მუშაობას სწორედ გლობალური ბაზრისაგან მოპოვებული მონაცემთა ბაზის დახმარებით გეგმავენ, ამგვარი სცენარის წარმართვას კი, სავარაუდოდ, 6-7 წელი მაინც დასჭირდება.

"ჩვენი ჩამოყალიბების გზას თუ გავითვალისწინებთ, თუნდაც კვლევის მიმართულებით, არ ვფიქრობ, რომ გლობალურ ბაზარზე გასვლა ზეამბიციური გეგმაა", — ამბობს გუგა ბესელია.

ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია DAYONE-ის პირველად ვერსიას დაველოდოთ, შემდეგ კი მის განვითარებას მივადევნოთ თვალი და იმის შეფასებაც შევძლოთ, თუ რამდენად ეფექტიანად გაუმკლავდება ეს კომპლექსური ციფრული პროდუქტი ქვეყანაში არსებულ ერთ-ერთ მწვავე პრობლემას.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.