ჰარვარდის პროფესორის აზრით, ჩვენი სამყარო უცხოპლანეტელთა ცივილიზაციამ შექმნა
ავი ლოები ჰარვარდის ასტრონომიის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი და არაერთი ბესტსელერის ავტორია. წარსულში მისგან არაერთი საინტერესო განცხადება მოგვისმენია: უცხოპლანეტელთა ცივილიზაციები ჩვენს გზავნილებს 3000 წლის განმავლობაში არ უპასუხებენ; ოამუამუა შესაძლოა, ვარსკვლავთშორისი კოსმოსური ხომალდი ყოფილიყო და სხვა. მის სახელს უკავშირდება ახალი ინიციატივის, გალილეოს პროექტის გაშვებაც, რომელიც ახლა უცხოპლანეტელთა ტექნოლოგიების კვალს ეძებს.
ასევე იხილეთ: უცნაური ფორმის ობიექტი თუ უცხო პლანეტელების ხომალდი? - დამაბნეველი აღმოჩენა.
უსამართლობა არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ იგი უცხოპლანეტელებთან დაკავშირებულ საკითხებში დიდი განსწავლულობით გამოირჩევა. ლოები ამჯერად სამყაროზე და უცხოპლანეტურ ცხოვრებაზე ახალი, თუმცა ცოტა არ იყოს საშიში თეორიით დაგვიბრუნდა. მისი მოსაზრება Scientific American-ში გამოქვეყნდა.
ლოები ვარაუდობს, რომ იდუმალებით მოცული სამყარო შესაძლოა, სინამდვილეში ლაბორატორიაში შექმნილიყო "დახვეწილი ტექნოლოგიური ცივილიზაციის მიერ".
"გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენს სამყაროს ბრტყელი გეომეტრია გააჩნია ყოველგვარი წმინდა ენერგიის გარეშე, შესაძლოა, დახვეწილმა ცივილიზაციამ ტექნოლოგია განავითარა, რომელმაც კვანტური გვირაბის ეფექტის საშუალებით არაფრისგან პატარა სამყარო შექმნა", — წერს ლოები.
იგი იმასაც აღნიშნავს, რომ, თეორიის მიხედვით, C კლასის ცივილიზაციის სახელს მივიღებდით.
როგორც ცივილიზაცია, რომელიც საკუთარ მასპინძელ ვარსკვლავზეა დამოკიდებული, ამგვარ სკალებზე ჩვენ მხოლოდ C ადგილი გვიჭირავს. ოდესმე თუ მზისგან დამოუკიდებელი გავხდებოდით, ჩვენ B ადგილას გადმოვინაცვლებდით, ხოლო თუ ჩვენივე სამყაროების შექმნასაც მოვახერხებდით, თავში ავიდოდით და A კლასის ცივილიზაცია გვერქმეოდა.
თეორიის მიხედვით, ჩვენ სწორედაც რომ A კლასის ცივილიზაციამ შეგვქმნა. სტატიის ორიგინალი ბევრ უპასუხო კითხვას გვიტოვებს, მაგალითად: ერევიან თუ არა ჩვენი შემქმნელები ჩვენს ცხოვრებაში და კეთილგანწყობილნი არიან ისინი, ბოროტები თუ სულაც არ ვადარდებთ?
სავარაუდოდ, ლოები მომავალში "ჩვენი შემქმნელების" უფრო დეტალურ აღწერას შემოგვთავაზებს, მანამდე კი უნდა გვახსოვდეს, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ თეორიაა და ჩვენგან სკეპტიკურ მიდგომას საჭიროებს.
კომენტარები