ჩინეთი თავის ახალ კოსმოსურ სადგურზე პირველ ქალ ასტრონავტს გზავნის
დედამიწის ორბიტაზე მოძრავი ჩინური კოსმოსური სადგურის Tiangong ეკიპაჟის ახალი წევრების ვინაობა უკვე ცნობილია. მისიის Shenzhou 13 ფარგლებში იქ პირველი ქალი ასტრონავტი, 41 წლის ვან იაპინი გაემგზავრება, მასთან ერთად იქნებიან კაცი კოლეგები — ჟაი ჟიგანი და იე გუანგფუ.
ვან იაპინი თანმხლებ ასტრონავტებთან ერთად Tiangong-ში 6 თვეს გაატარებს და გახდება ასევე პირველი ჩინელი ქალი, რომელიც ღია კოსმოსში გავა. ისინი მოდულის გარეთ სამუშაოებს საერთო ჯამში 2-ჯერ ან 3-ჯერ შეასრულებენ, კერძოდ, მასზე მექანიკურ ხელებს დაამონტაჟებენ, რომლებიც სადგურის მშენებლობაში დაემხარებათ.
მათ ჩვენი პლანეტის ორბიტაზე რაკეტა Long March 2F Y13 გაიყვანს, რომელიც მიმდინარე წლის 15 ოქტომბერს, თბილისის დროით 20:23 საათზე აფრინდება. გაშვებიდან დაახლოებით 6 საათ-ნახევარში ხომალდი სადგურის ცენტრალურ მოდულს მიუერთდება, რასაც ვერტიკალური მანევრირებით შეძლებს, ამის პრეცედენტი კი აქამდე არ ყოფილა.
როგორც ცნობილია, ვან იაპინი Tiangong-ში ყოფნისას სკოლის მოსწავლეებისთვის საინტერესო თემებზე ისაუბრებს. პირდაპირ ტრანსლაციას მილიონობით ახალგაზრდა მიადევნებს თვალს.
"8-წლიანი დაუღალავი შრომის შემდეგ, კოსმოსში ისევ მივფრინავ. მოსწავლეებო, გთხოვთ, გამაგებინოთ, ამჯერად რისი შესწავლა გსურთ. გპირდებით, რომ თქვენთვის ძალიან კარგ მოხსენებას მოვამზადებ", — ასე მიმართა ასტრონავტმა სკოლის მოსწავლეებს ახლახან ჩატარებულ პრესკონფერენციაზე.
რაც შეეხება ეკიპაჟის დანარჩენ წევრებს, ჟაი ჟიგანი მისიის ხელმძღვანელის ფუნქციას შეასრულებს, ხოლო იე გუანგფუ მისი თანაშემწე იქნება. აღსანიშნავია, რომ ეს უკანასკნელი წვრთნებს ევროპის კოსმოსურ სააგენტოში გადიოდა. ის კარგად ფლობს ინგლისურ ენას, რის გამოც მას Tiangong-ში მიწვეულ უცხოელ კოლეგებთან თანამშრომლობაში მნიშვნელოვანი როლი დაეკისრება.
ასტრონავტები 6 თვის განმავლობაში იქ სხვადასხვა ხელსაწყოს ფუნქციონირებას შეამოწმებენ, კონსტრუქციულ სამუშაოებში მიიღებენ მონაწილეობას და გრავიტაციულ თუ სამედიცინო ექსპერიმენტებს ჩაატარებენ. რაც მთავარია, ისტორიაში პირველად, ისინი კოსმოსში ჩინურ ახალ წელს იზეიმებენ.
ეს ამ წელში ბოლო მსგავსი მისია იქნება, მომდევნო წელს კი კიდევ 6 ფრენა განხორციელდება, მათ შორის 2 ეკიპაჟიანი.
კომენტარები