Google Pixel 6-მა შესაძლოა Android 16 მიიღოს
Google Pixel 6 და Pixel 6 Pro ჩვენს წინაშე ოფიციალურად 19 ოქტომბერს წარდგება. გასულ რამდენიმე თვეში მომავალ სმარტფონებთან დაკავშირებით ბევრმა ინფორმაციამ გაჟონა. გავიგეთ თითქმის ზუსტი მონაცემები, დიზაინი თვითონ Google-მა გვანახა, ნელ-ნელა სავარაუდო ფასებიც გავრცელდა და სმარტფონის რეალურ დროში გადაღებული ფოტოებიც ვნახეთ. ფაქტობრივად, ჩვენ ორივე მოწყობილობაზე თითქმის სრული ინფორმაცია გვაქვს.
თუმცა, ჩვენ ზუსტად არ ვიცოდით რამდენ განახლებას მიიღებდნენ ახალი სმარტფონები. Google განახლებების მოკლევადიანობის გამო კრიტიკის ობიექტი არაერთხელ გამხდარა. აქამდე პიქსელები ანდროიდის ორ განახლებას იღებდნენ. ახლა კი, როგორც ირკვევა, Pixel 6 და Pixel 6 Pro ხუთ წლიან სისტემურ უზრუნველყოფას მიიღებენ. რამდენი იქნება აქედან ახალი ანდროიდი და რამდენი უბრალოდ უსაფრთხოების განახლებები უცნობია, თუმცა ინფორმატორების აზრით ახალი პიქსელები 4 ახალ ანდროიდს და 5 წლიან უსაფრთხოების განახლებებს მიიღებენ.
Snoopytech-მა ბოლო რამდენიმე თვეში საკმაოდ საინტერესო ინფორმაციები გაავრცელა, რომლებიც ზუსტი აღმოჩნდა. მაგალითად მისგან გავიგეთ Samsung Galaxy A52s-ის ზუსტი მონაცემები და მანვე გვანახა რენდერები, რომლებიც რეალური აღმოჩნდა. თუ მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ამჯერადაც გამართლდება, Pixel 6 და Pixel 6 Pro ანდროიდ 16-საც მიიღებენ. ამით Pixel გახდება სმარტფონი, რომელიც ანდროიდებს შორის ყველაზე მეტ განახლებას მიიღებს.
თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე
კომენტარები