ახალი იმუნოთერაპია მომაკვდავი ონკოლოგიური პაციენტების ორგანიზმში კიბოს ანადგურებს
დიდი ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში მდებარე ონკოლოგიური კვლევების ინსტიტუტში მომუშავე მეცნიერებმა სიმსივნით დაავადებულ მომაკვდავ პაციენტებში ახალი იმუნოთერაპია გამოსცადეს. შედეგად, მათმა იმუნურმა სისტემამ კიბოს უჯრედებს შეუტია და გაანადგურა.
სპეციალისტებმა თავისა და კისრის სიმსივნეების მქონე 1 000-მდე ცდისპირს პრეპარატების, ნივოლუმაბისა და იპილიმუმაბის ერთგვარი კოქტეილი მისცეს. კლინიკურმა ტესტირებამ აჩვენა, რომ ამან კიბოს ზომის შემცირება, ზოგ შემთხვევაში კი მთლიანად გაქრობა განაპირობა. მედიკამენტთა გაერთიანებამ, ასევე, მათი სიცოცხლის გახანგრძლივებას შეუწყო ხელი.
მნიშვნელოვანია, რომ კვლევის ფარგლებში საკმაოდ ცოტა და მსუბუქი გვერდითი ეფექტი დაფიქსირდა, რაც მკურნალობის ამ მეთოდს ტრადიციული ქიმიოთერაპიისგან განასხვავებს.
ყველაზე კარგი შედეგი მედიკოსებმა იმ პირებში იხილეს, რომელთაც სიმსივნეში დიდი რაოდენობით ჰქონდათ CD274-ის სახელით ცნობილი ტრანსმემბრანული ცილა. მათ საშუალოდ 3 თვით მეტხანს იცოცხლეს, ვიდრე იმ ადამიანებმა, რომლებმაც ქიმიოთერაპია გაიარეს.
ერთი-ერთი მათგანია 77 წლის ინგლისელი, ბარი ამბროუზი, რომელსაც ყელის კიბოს დიაგნოზი 2017 წელს დაუსვეს. სიმსივნე უკვე ფილტვებშიც იყო გავრცელებული, თუმცა კაცს ახალ კვლევაში მონაწილეობის მიღების საშუალება მიეცა, რამაც მისი ცხოვრება მთლიანად შეცვალა.
პრეპარატების კოქტეილის მიღებიდან დაახლოებით 8 კვირაში, ბარი ამბროუზის ყელში არსებული სიმსივნე გაქრა. ქიმიოთერაპიისა და ქირურგიული ჩარევის შემდეგ კი ის სრულად განიკურნა.
მეცნიერები კვლევის გაგრძელებას გეგმავენ და იმედოვნებენ, რომ მომავალში სიკვდილისგან მრავალ ადამიანს იხსნიან.
კომენტარები