ბიოლოგიურ "დროის მანქანას" სიმსივნის ზრდის პროცესის შებრუნება შეუძლია — კვლევა
პანკრეასის სიმსივნე ორგანიზმში შეუმჩნევლად იკიდებს ფეხს და საკმაოდ სწრაფად ვრცელდება, თუმცა ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარე პერდუს უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერთა ახალი მიგნება, შესაძლოა, მასთან ბრძოლაში დაგვეხმაროს. მათ შექმნეს ერთგვარი ბიოლოგიური "დროის მანქანა", რომელიც კიბოს ზრდის პროცესის შებრუნების საშუალებას იძლევა.
ეს "დროის მანქანა" აგებულებით პანკრეასში არსებულ სტრუქტურას, სახელად აცინუსს ჰგავს, რომელიც საჭმლის მომნელებელ ფერმენტებს გამოყოფს და წვრილ ნაწლავს გადასცემს. სიმსივნის განვითარებისას ეს ცილოვანი მოლეკულები მუტაციის გამო თავად ამ ორგანოს უტევენ, რაც ქრონიკულ ანთებას იწვევს.
სპეციალისტებმა იფიქრეს, რომ თუ მსგავსი ფერმენტების წარმომქმნელ სიმსივნურ უჯრედებში სათანადო ცვლილებას შეიტანდნენ, პანკრეასს აღადგენდნენ. ამისთვის მათ PTF1a-დ წოდებული გენი გამოიყენეს, რომელიც აღნიშნული ორგანოს ჩამოყალიბებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. უჯრედებში მისი გააქტიურებით, მათ კიბოს უჯრედების პირვანდელი ფენოტიპი დააბრუნეს.
გამოცემაში Lab on a Chip გამოქვეყნებული ნაშრომის ავტორებმა აცინუსის რეალისტური მოდელის შექმნით მოლეკულური ბიოლოგიის კვლევები შემდეგ ეტაპზე აიყვანეს. ამგვარი "დროის მანქანის" მეშვეობით, სიმსივნის ზრდის შესწავლა და მისი მკურნალობის მეთოდების გამოცდა ცხოველების ნაცვლად, მიკროგარემოშია შესაძლებელი.
მოდელი აცინუსის, ანუ წრიული ფორმის მქონე ჩაღრმავების ანატომიურ კომპლექსურობას იმეორებს, რაც მკვლევრებისთვის სერიოზული გამოწვევა გახლდათ. მისი ფუნქციონირების პრინციპი შემდეგში მდგომარეობს: მიკროსკოპულ ფირფიტაზე განთავსებულ მცირე ზომის მინის პლატფორმაზე ერთმანეთთან დაკავშირებული ორი ღრუ არის განლაგებული. პირველ მათგანში კოლაგენის მიქსტურა ისხმება, რომელიც პანკრეასის მოგრძო სადინარს ავსებს. ეს უკანასკნელი იბერება, ფართოვდება და მეორე მხარეს აცინუსის მსგავს ჩაღრმავებას აჩენს. PTF1a-ს გააქტიურების შედეგად კი უჯრედები ამ სტრუქტურის "მშენებლობას" ასრულებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი სიმსივნური აღარ არიან.
ნაშრომის ავტორები იმედოვნებენ, რომ ახალ ტექნოლოგიაზე დაყრდნობით, მომავალში გენურ თერაპიას შეიმუშავებენ.
კომენტარები