ნახეთ — ავსტრალიაში მიტანის სერვისში ჩართულ დრონს ყორანი დაესხა თავს
ავსტრალიის ქალაქ კანბერაში მცხოვრები მოსახლეობა უკვე შეეჩვია დრონებს, რომელთაც მათთვის შეკვეთილი პროდუქტი მიაქვთ. ერთ-ერთი ასეთი მომხმარებელია ბენ რობერტსი, რომელიც საკუთარ საცხოვრებელ სახლში მშვიდად ელოდა, როდის მოუტანდა უპილოტო საფრენი აპარატი დილის გამამხნევებელ ყავას, თუმცა მოვლენები სულ სხვაგვარად წარიმართა.
სახლთან გამოჩენილ დრონს მოულოდნელად თავს ყორანი დაესხა, თუმცა მისი ჩამოგდება ვერ მოახერხა. ეს უჩვეულო სანახაობა თავად ბენის მიერ გადაღებულ ვიდეოშია ნაჩვენები. მედიის ცნობით, ფრინველის ეს საქციელი ბუდობის სეზონს უნდა მივაწეროთ, რომელიც ივლისიდან სექტემბრამდე გრძელდება. ამ დროს ისინი იმ არსებებსა თუ ობიექტებს უტევენ, რომლებიც საფრთხის შემცველად მიაჩნიათ.
ამ შემთხვევაში ყორნის მსხვერპლი დრონი აღმოჩნდა, რომელიც კომპანია Wing-ის მიტანის სერვისშია ჩართული. ეს უკანასკნელი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ფინეთსა და ავსტრალიაში ოპერირებს და ადამიანებისთვის მედიკამენტების, საკვების, ყავის, საოფისე ნივთებისა თუ კომპიუტერულ მოწყობილობათა ნაწილების მიწოდებას უზრუნველყოფს.
შეკვეთის განთავსებისთანავე, სისტემა დამოუკიდებლად ადგენს მარშრუტს ისე, რომ საჰაერო გზების დატვირთვასა და ამინდს ითვალისწინებს. პროდუქტი დრონის ქვეშ არსებულ სპეციალურ თოკზეა დამაგრებული, რომელიც მითითებულ მისამართზე მისვლისას დაბლა ეშვება და მას უსაფრთხო ადგილზე ტოვებს.
ქალაქ კანბერას მოსახლეობა, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო 12 აგვისტოდან კარანტინში იმყოფება, ამ სერვისს აქტიურად იყენებს. ამის მიუხედავად, აღნიშნული ინციდენტის შემდეგ, კომპანიამ ამ არეალში მომსახურების დროებით შეჩერება გადაწყვიტა. Wing-ის წარმომადგენლები გეგმავენ, რომ კონსულტაცია სპეციალისტებთან გაიარონ, რათა ფრინველებისთვის რაიმე სახის ზიანის მიყენების საშიშროება აიცილონ თავიდან.
კომენტარები