საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ბზარები ჩნდება — "საკმაოდ სერიოზული პრობლემა"
NASA-ს ასტრონავტი ამას "საკმაოდ სერიოზულ პრობლემას" უწოდებს.
გასულ თვეს დედამიწის ორბიტაზე მოძრავ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში მყოფმა რუსმა კოსმონავტმა, ვლადიმირ სოლოვიოვმა Zarya-ს სახელით ცნობილ მოდულზე გაჩენილი ბზარების შესახებ განაცხადა. NASA-ს წარმომადგენლებმა მაშინ აღნიშნეს, რომ ეს ეკიპაჟის წევრებისთვის საფრთხის შემცველი არ იყო და ახალი დაზიანებული კერებიც არ ფიქსირდებოდა.
ამის მიუხედავად, ამერიკელი ასტრონავტი, ბილ შეპერდი ამ საკითხს ახლახან აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის შეხვედრაზე გამოეხმაურა და შექმნილ სიტუაციას "საკმაოდ სერიოზული პრობლემა" უწოდა.
"სავარაუდოდ, არსებობს კიდევ სხვა მსგავსი ბზარები, რომელთა შესახებაც ჯერჯერობით არაფერი ვიცით. ჩემი ინფორმაციით, რუსმა ინჟინრებმა, NASA-ში მომუშავე კოლეგებთან ერთად, ნაპრალები შეისწავლეს, თუმცა ვერ ხვდებიან, რა იწვევს მათ წარმოქმნას", — აცხადებს ბილ შეპერდი.
შეპერდი ჩვენი პლანეტის ორბიტაზე ხომალდით Space Shuttle ოთხჯერ არის ნამყოფი. ის საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ჯერ კიდევ მაშინ მუშაობდა, როცა მასზე ყველა მოდული არ იყო მიმაგრებული. როგორც თვად ამბობს, დედამიწის უდიდეს ხელოვნურ თანამგზავრზე გაჩენილ ბზარებზე მეტი მონაცემები ISS-ის მრჩეველთა საბჭოსთან გამართულ შეხვედრებზე მოიპოვა.
მისი თქმით, ეს ნაპრალები მცირე ზომისაა და ალუმინის ფირფიტის ზედაპირზე არსებულ ნაკაწრებს ჰგავს, ხოლო მათი რაოდენობა 6-მდე აღწევს. ყველაზე საშიში ის გახლავთ, რომ ისინი, შესაძლოა, დროთა განმავლობაში გაფართოვდნენ.
"ნაპრალების ფორმირების გამომწვევი მიზეზის პოვნა საკმაოდ სერიოზული პრობლემაა. არ მიმაჩნია, რომ სადგურს უახლოეს მომავალში რაიმე საფრთხე ემუქრება, თუმცა, სანამ შეგვიძლია, ის კიდევ მრავალწლიანი ფუნქციონირებისთვის მოვამზადოთ, ამ დაბრკოლებაზე მეტი უნდა გავიგოთ", — ამბობს ბილ შეპერდი.
კომენტარები