ეგვიპტეს ახალი ადმინისტრაციული ცენტრი ექნება — კაიროს ჭკვიანი ქალაქი ჩაანაცვლებს
მედიის ცნობით, მდინარე ნილოსსა და სუეცის არხს შორის ჭკვიანი ქალაქის გაშენება იგეგმება, რომელიც კაიროს ჩაანაცვლებს და ეგვიპტის ახალი ადმინისტრაციული ცენტრი გახდება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყნის ეს მაღალგანვითარებული დედაქალაქი 700 კვადრატულ კილომეტრ ფართობზე იქნება გადაჭიმული და იქ 6.5 მილიონზე მეტი ადამიანი იცხოვრებს.
ამ ინიციატივის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ეგვიპტის მზარდი პოპულაციის საცხოვრებელი ადგილით დაკმაყოფილებაა. ამ ხალხმრავალ ქვეყანაში ყოველწლიურად დაახლოებით 2 მილიონი ბავშვი იბადება. ვარაუდობენ, რომ მოსახლეობის რაოდენობა იქ 2050 წლისთვის 150 მილიონს მიაღწევს, რაც დღევანდელ მაჩვენებელს 50 მილიონით აღემატება. იქიდან გამომდინარე, რომ მათი დიდი ნაწილი სწორედ კაიროშია თავმოყრილი, შიშობენ, რომ ქალაქი მსგავს დატვირთვას ვერ გაუძლებს.
ინოვაციური პროექტის განხორციელება ხელისუფლებას 45-48 მილიარდი აშშ დოლარი დაუჯდება. ზოგიერთი ექსპერტის აზრით, ეს საკმაოდ სოლიდური ხარჯია ისეთი სახელმწიფოსთვის, რომელიც ბოლო რამდენიმე წელია ინფლაციას, უმუშევრობას, ასევე, ინფრასტრუქტურულ და ტურიზმის სექტორში არსებულ პრობლემებს ებრძვის.
ჭკვიანი ქალაქი კაიროს აღმოსავლეთით, მისგან 35 კილომეტრში აშენდება. იქ განლაგდება ახალი პარლამენტი, პრეზიდენტის სასახლე, ეგვიპტის უდიდესი აეროპორტი, აფრიკის უმაღლესი კოშკი, 20 მილიარდი აშშ დოლარი ღირებულების გასართობი რაიონი და უზარმაზარი პარკი, რომელიც ზომით ნიუ იორკში მდებარე ცენტრალ პარკს გადააჭარბებს.
ეგვიპტის ახალ ადმინისტრაციულ ცენტრში მოეწყობა ბიზნეს პარკიც, რომლის იქ განთავსება 834 მილიონი აშშ დოლარი დაჯდება. ქალაქს საკუთარი ციფრული უსაფრთხოების სისტემა ექნება, დამონტაჟდება 6,000 უსადენო სათვალთვალო კამერაც. იქ დასახლებული ადამიანები კომპანია Telecom Egypt-ის სატელეკომუნიკაციო ქსელით ისარგებლებენ, საქალაქთაშორისო მიმოსვლას კი 21-სადგურიანი ერთრელსიანი რკინიგზით შეძლებენ. 54 კილომეტრი სიგრძის სარკინიგზო ხაზზე მოძრავი ტრანსპორტი საათში 45,000 მგზავრს გადაიყვანს.
ქალაქი სხვადასხვა სახის თანამედროვე ტექნოლოგიით იქნება აღჭურვილი. მათ შორისაა საავტომობილო მოძრაობის მაკონტროლებელი სისტემა, მოქნილი კომუნალური სერვისები, ჭკვიანი შენობები და სხვა. აღსანიშნავია ისიც, რომ მოსახლეობა ენერგიას მზის ელექტროსადგურიდან მიიღებს, რომელიც 90 კვადრატულ კილომეტრ ფართობს დაიკავებს.
კომენტარები