მეცნიერები გეოინჟინერიის წყალობით დედამიწის გაგრილებას გეგმავენ
დედამიწაზე მიმდინარე კლიმატის ცვლილების პროცესი უფრო და უფრო მწვავდება, თუმცა კაცობრიობას მასთან ბრძოლის ეფექტიანი მეთოდი ჯერჯერობით არ უპოვია. გლობალური დათბობის შეჩერების ერთ-ერთ გზად გეოინჟინერია მიიჩნევა. სწორედ მისი გამოყენებით სურთ ჩვენს პლანეტაზე არსებული ტემპერატურის შემცირება აშშ-ის ვაშინგტონის უნივერსიტეტში, პალო ალტოს კვლევით ცენტრსა და წყნარი ოკეანის ჩრდილო-დასავლურ სახელმწიფო ლაბორატორიაში მომუშავე მეცნიერებს.
პროექტს, რომლის გარშემოც ისინი გაერთიანდნენ, "საზღვაო ღრუბლის აკაშკაშება" ეწოდება. როგორც სახელი მიგვანიშნებს, მისი მიზანი ღრუბლების ხელოვნურად განათება და გათეთრებაა, რათა მათ მზის სხივები უფრო მეტად აირეკლონ და რადიაცია ღია კოსმოსისკენ მიმართონ. ამის შედეგად, დედამიწის ატმოსფეროში ნაკლები სითბო შემოაღწევს და მსოფლიო ტემპერატურაც დარეგულირდება.
სპეციალისტთა შთაგონების წყაროდ გემების მიერ სხვადასხვა ნივთიერების ემისიის გამო ცაში გაჩენილი ღია ფერის ღრუბლები იქცა, რომელთაც გამაგრილებელი ეფექტი აქვთ. ისინი გეგმავენ, რომ იმავე შედეგს გარემოსთვის არასაზიანო მეთოდით მიაღწიონ. ამისთვის ინოვაციური ტექნოლოგიის შექმნაა საჭირო, რომელიც ჰაერში ზღვის წყლის შემადგენელი მცირე ზომის ნაწილაკების გაშვების საშუალებას მოგვცემს. ისინი შედარებით ქვემოთ განლაგებული ღრუბლების გათეთრებას შეუწყობენ ხელს.
მეცნიერები კვლევის 3 ფაზისთვის ემზადებიან. პირველ რიგში, ისინი ამგვარი ღუბლების არეკვლადობას შეისწავლიან. მეორე ეტაპზე ადგილობრივ და გლობალურ კლიმატზე მათ გავლენას და მოსალოდნელ საფრთხეებს გააანალიზებენ. ბოლო საფეხური კი გამფრქვევი სისტემის შექმნა იქნება, რომლითაც ატმოსფეროში კონკრეტული ზომისა და რაოდენობის ნაწილაკებს გაუშვებენ.
სპეციალისტები იმედოვნებენ, რომ ამით კლიმატის ცვლილებას მცირე ხნით მაინც შეეწინააღმდეგებიან, რაც უფრო ქმედითი ნაბიჯების გადასადგმელად და გამოსავლის მოსაძებნად მეტ დროს მოგვცემს.
კომენტარები