რა შეუძლიათ ახალ iPhone-ებს — ნახეთ ოთხივე მოდელის დეტალური მიმოხილვა
Apple-ის iPhone 13-ების ხაზი გუშინ ოფიციალურად გამოვიდა. ჩვენ ოთხი ახალი სმარტფონი ვიხილეთ — iPhone 13 Mini, 13, 13 Pro და 13 Pro Max.
თითოეული მათგანი უნიკალურია და ინდივიდუალურ განხილვას საჭიროებს, სწორედ ამიტომ, ჩვენც ზომის მიხედვით მივყვეთ და გავიგოთ რას გვთავაზობენ ათწლეულის ყველაზე მეინსტრიმული სმარტფონები.
iPhone 13 და 13 Mini
გასული წლის მსგავსად, iPhone 13 ორი ვერსიით გამოვა, 6,1 ინჩიანი "რეგულარული" მოდელი და უფრო პატარა, iPhone 13 Mini 5,4 ინჩიანი ეკრანით. ორივე სმარტფონის ეკრანი OLED იქნება, თუმცა წინა წელთან შედარებით სიკაშკაშე გაიზრდება. სმარტფონებს ისევ ალუმინის ჩარჩოები ექნებათ და ორივე მხრიდან, სენდვიჩისებურად, შუშაში მოექცევიან.
iPhone 13-ის საწყისი ფასი 829 დოლარი იქნება, ხოლო მომცრო iPhone 13 Mini 729 დოლარად გაიყიდება. ასევე, Apple ამერიკელ მომხმარებლებს ისევ შესთავაზებს 30$-იან ფასდაკლებას, თუ სმარტფონს რომელიმე ქსელის ოპერატორთან შეიძენენ. წლევანდელი მოდელების მეხსიერებაც გაიზარდა, Apple 128, 256 და 512 გიგაბაიტიან ვერსიებს შემოგვთავაზებს, ოპერატიული მეხსიერების ზომა 6 გიგაბაიტი იქნება. iPhone 13-ისა და 13 Mini-ს წინასწარი შეკვეთები პარასკევს, 17 სექტემბერს დაიწყება, მაღაზიის დახლებზე კი 24 სექტემბრიდან გამოჩნდება.
რადიკალური ცვლილებები ამ ორ სმარტფონში არ არის, iPhone 13 და 13 Mini ერთი შეხედვით Apple-ის ძველ S მოდელებს მოგვაგონებს, რომლებიც დიდ და რადიკალურ ცვლილებებს არასდროს იღებდნენ, თუმცა გარკვეული სიახლეები მაინც არის.
დიზაინის რადიკალური ცვლილებები ჩვენ iPhone 12-ში ვიხილეთ და ამ მხრივ რომ ეფლი დიდ ცვლილებებს აღარ განახორციელებდა ცხადი იყო, თუმცა ერთი მნიშვნელოვანი რამ მაინც ვიხილეთ, iPhone 13-ის კუნძული, სადაც Face ID არის განთავსებული, ამჯერად 20%-ით უფრო პატარაა, რაც იმას ნიშნავს, რომ სმარტფონის ზედა ნაწილში ეკრანი უფრო დიდი იქნება. ეს ისეთ მინიმალისტურ ვიზუალს არ გვაძლევს, როგორც ანდროიდებზე Hole-Punch ეკრანებია, მაგრამ როდესაც iPhone 12-ს ვადარებთ, განახლება მაინც საკმაოდ კარგად გამოიყურება.
განახლება შეეხო პროცესორს. A15 Bionic, ეფლის თქმით, გასული წლის A14-თან შედარებით ბევრად სწრაფი და ენერგოეფექტური იქნება. ჩიპსეტი 5 ნანომეტრიან არქიტექტურაზე იქნება აგებული, 6 ბირთვით, რომელთაგან ორიც მაღალი წარმადობის, ხოლო 4 ენერგოეფექტური ბირთვი იქნება. Apple-ის თქმით, ესაა ყველაზე სწრაფი ჩიპსეტი, რომელსაც სმარტფონებში ვხვდებით და ეს სიმართლეცაა, გასული წლის ტოპ პროცესორი A14 იყო და მანამ სანამ Snapdragon 888 არ გამოვიდა, სათანადო კონკურენციასაც ვერავინ უწევდა, ასე იქნება წელსაც. ტექნოლოგიური გიგანტი გვპირდება, რომ პროცესორი 50 პროცენტით ხოლო ვიდეობარათი 30%-ით უფრო სწრაფი იქნება, ვიდრე მისი კონკურენტები, თუმცა ვის ადარებდნენ თავს, ეფლმა ეს არ დაგვკონკრეტა.
Apple-მა ელემენტის მოცულობები არ გაგვანდო, მაგრამ დაგვპირდა, რომ 13 Mini წინამორბედთან შედარებით 1.5 საათით უფრო დიდხანს გაძლებს, ხოლო 13-ის შემთხვევაში ზრდა 2.5 საათიანი იქნება. ეს ყველაფერი უფრო დიდი ელემენტებისა და უკეთესი ჩიპსეტების დამსახურებაა, ამასთანავე, ელემენტის მოხმარება ახალ iOS-შიც უფრო კარგად იქნება დარეგულირებული.
ყველაზე დიდი განახლება კამერებს შეეხო. iPhone 13-მა კამერის ის ფუნქციები მიიღო, რაც Apple-ის გასული წლის ტოპ ფლაგმანს, iPhone 12 Pro Max-ს ჰქონდა. iPhone 13-ის მთავარი კამერის სენსორის ზომა 47%-ით გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ სენსორი ღამით ბევრად უფრო მეტ სინათლეს შეკრებს და ფოტოებიც უფრო ნათელი და ნაკლებხმაურიანი გამოვა.
ახალი სენსორი 12 მეგაპიქსელიანია, დიაფრაგმის ზომა 1,6 გახლავთ. ასევე, სმარტფონში განახლდა ულტრაფართო ლინზაც და ის ამჯერად 12 მეგაპიქსელიანია, f/2,4-ითა და 120 გრადუსიანი ხედვის არეალით. ასევე, iPhone 13-ის ულტრაფართო კამერამ ის სტაბილიზაციის ფუნქციაც მიიღო, რომელიც 12 Pro Max-ს ჰქონდა. სენსორი სმარტფონში ფიზიკურად მოძრაობს, რათა ვიბრაციები შეამციროს.
ახალი კამერები "ფოტოგრაფულ პროფილებსაც" მიიღებს. ეს საშუალებას მოგვცემს გადაღებისას უკეთ შევარჩიოთ ფოტოს ვიზუალი, რაც იმას ნიშნავს, რომ ფოტოები გაცილებით უკეთესი გამოვა.
iPhone 13 Pro და Pro Max
iPhone 13-ების ხაზის ტოპ წარმომადგენლები Apple-მა გუშინ დიდი სიხარულით წარადგინა — მთავარი ცვლილებები და საუკეთესო მახასიათებლები სწორედ მათ მიიღეს. ორივე სმარტფონი A15 Bionic ჩიპსეტითა და 8გბ ოპერატიული მეხსიერებით აღიჭურვა, შეიცვალა კამერებიც და სმარტფონების სამივე კამერა განახლდა. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და სასიხარულო ცვლილება კი ეკრანს შეეხო. iPhone 13 Pro-სა და Pro Max-ის ეკრანები 120 ჰერციანი ProMotion პანელები იქნება, რომელთა მაქსიმალური სიკაშკაშეც 1 000 ნიტს მიაღწევს. iPhone 13 Pro-ს საწყისი ფასი $999 იქნება, ხოლო თუ iPhone 13 Pro Max-ის შეძენას გადაწყვეტთ, მაშინ 1 099 დოლარის გადახდა მოგიწევთ. ორივეს წინასწარი შეკვეთები პარასკევიდან იწყება, ხოლო მიწოდება 24 სექტემბერს დაიწყება.
13 Pro-სა და Pro Max-ის Super Retina XDR ეკრანებს ცვალებადი სიხშირე ექნებათ და მათ მატება ან კლება 10 ჰერციდან 120 ჰერცამდე შეეძლებათ. ეკრანის ზომები გასული წლის აიფონების მსგავსად 6,1 და 6,7 ინჩი დარჩა. კუნძულების ზომა Pro მოდელების შემთხვევაშიც შემცირდა. სმარტფონები ოთხ ფერში — Graphite, Gold, Silver და ახალ Light Blue-ში იქნება ხელმისაწვდომი.
Apple-ის თქმით, სმარტფონების სამივე კამერა სრულიად ახალი იქნება. მთავარი კამერა ღამით ფოტოებს გაცილებით უკეთ გადაიღებს, რაც სენსორის ზომის გაზრდითაა განპირობებული, მაშინ როდესაც ულტრაფართო კამერის მიერ ღამით გადაღებული ფოტოები დიაფრაგმის გაზრდის ხარჯზე გაუმჯობესდება. ახალი ტელეფოტო კამერა 3x ზუმს მიიღებს, რაც სმარტფონის სამივე კამერაზე 6x ოპტიკური მიახლოების საშუალებას მოგვცემს.
სამივე ახალ კამერას ექნება ღამის რეჟიმი და ახალი, მაკრო რეჟიმი, რომელიც ნივთების 2 სანტიმეტრიდან გადაღების საშუალებას მოგცემს. ასევე, ორივე მოდელი მიიღებს Sensor-shift ოპტიკურ სტაბილიზაციას. ეს უბრალო ოპტიკური სტაბილიზაციისგან იმით განსხვავდება, რომ სმარტფონში სტაბილურობის შესანარჩუნებლად კამერის მთლიანი სენსორი მოძრაობს და არა მხოლოდ ლინზა.
კამერების ზუტი მახასიათებლები ასე გამოიყურება:
- 12 MP, f/1.5, 26mm (ძირითადი), 1.9µm, dual pixel PDAF, Sensor-shift stabilization (IBIS)
- 12 MP, f/2.8, 77mm (ტელეფოტო), PDAF, OIS, 3x optical zoom
- 12 MP, f/1.8, 13mm, 120˚ (ულტრაფართო), PDAF, Sensor-shift stabilization (IBIS)
რაც შეეხება პროგრამულ ნაწილს, Apple-მა ახალი Photographic Styles დააანონსა, რომელიც დაახლოებით ისე გამოიყურება, როგორც კამერების ტრადიციული ფილტრები, თუმცა ამ შემთხვევაში საქმეში გამოთვლითი ფოტოგრაფიაც ერთვება, რაც უკეთეს ხარისხსა და უფრო მეტად გემოვნებიან ფერებს გვაძლევს.
ვიდეოს შემთხვევაში, iPhone 13-ზე დაანონსებულ კინემატოგრაფიულ ფოკუსს 13 Pro-ზე და Pro Max-ზეც ვიხილავთ. iPhone 13 Pro და Pro Max 4K ვიდეოს გადაღებას 30 კადრი წამში სიჩქარით, ProRes რეჟიმშიც შეძლებენ. ეს უკანასკნელი ვიდეოების მაღალი ხარისხის ფორმატია, რაც მემონტაჟეებს ვიდეოების დამუშავებისას მეტ კონტროლს აძლევს და შედეგიც უკეთესი გამოდის. თუმცა გახსოვდეთ, თუ 4K/30fps ვიდეოს ProRes რეჟიმით გადაღება გსურთ, 128GB-იანი ვერსია არ უნდა შეიძინოთ, რადგან ეს რეჟიმი აქ ხელმისაწვდომი არ იქნება. ProRes რეჟიმით გადაღებული ვიდეოები კოლოსალურ ადგილს იკავებს. Apple-ის თქმით, ProRes iOS 15-თან ერთად გამოჩნდება.
როგორც უკვე ვთქვით, სმარტფონები A15 Bionic ჩიპით აღიჭურვნენ, ამის დამსახურებით ისინი საგრძნობლად ასწრაფდებიან. Apple-ის თქმით, ახალი ჩიპსეტი მანქანური დასწავლის პროცესებსაც დააჩქარებს. ელემენტი iPhone 13 Pro-სა და Pro Max-ის შემთხვევაშიც გაუმჯობესდა. 13 Pro 1.5 საათით უფრო დიდხანს გაძლებს ვიდრე 12 Pro, ხოლო 13 Pro Max-ის სასიცოცხლო დრო 12 Pro Max-თან შედარებით 2.5 საათით იქნება გაზრდილი.
iPhone 13 Pro-სა და Pro Max-ის შემთხვევაში გაიზარდა შიდა მეხსიერების ვარიანტებიც და გაჩნდა ახალი 1 ტერაბაიტიანი ვერსიაც. სმარტფონის მეხსიერების არჩევა 128 გიგაბაიტიდან 1 ტერაბაიტამდე შეგეძლებათ.
ამით iPhone 13 Pro და Pro Max გახდებიან პირველი აიფონები, რომლებსაც 1TB შიდა მეხსიერება ექნებათ. მაგალითად Samsung-მა 1TB-იანი სმარტფონი ორი წლის წინ გამოუშვა, Galaxy S10 Plus 1 ტერაბაიტი შიდა მეხსიერებით 1 600 დოლარი ღირდა. Apple-ს კი ამხელა მეხსიერებით აქამდე მხოლოდ iPad გამოუშვია. 1TB-იანი iPhone 13 Pro-ს ფასი 1 499 დოლარი იქნება, ხოლო ტერაბაიტიანი 13 Pro Max-ის ფასი 1 599 დოლარს მიაღწევს.
კომენტარები