ნახეთ — როგორ გადაადგილდება ჰაერში მეხუთე თაობის მფრინავი ტაქსი
კომპანია Lilium-მა მის მიერ შექმნილი, ვერტიკალური აფრენისა და დაშვების სისტემით აღჭურვილი ტაქსის საცდელი ფრენის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა. იუთუბზე გავრცელებულ კადრებში ელექტროძრავზე მომუშავე აპარატია ნაჩვენები, რომელიც გერმანიაში მდებარე ობერპფაფერჰოფენის აეროპორტის ტერიტორიაზე გადაადგილდება.
მეხუთე თაობის მფრინავი ტაქსის დემონსტრაცია მიმდინარე წლის 10 აგვისტოს შედგა. ახალი მოდელი 5 მგზავრზეა გათვლილი და სხვა მსგავსი საჰაერო აპარატებისგან ის გამოარჩევს, რომ დიდი როტორების ნაცვლად, 36 ცალი სადინარიანი ვენტილატორი აქვს. ამ მცირე ზომის პროპელერების მეშვეობით, ის შედარებით შორ მანძილზე მოძრაობს, თუმცა ნაკლებ სიმაღლეზე ადის.
კომპანიაში აღნიშნავენ, რომ თანამედროვე აკუსტიკური ტექნოლოგიის წყალობით, მათი მფრინავი ტაქსის მიერ გამოცემული ხმა მაქსიმალურად დაბალია. ამის საჩვენებლად, აუდიო მასალის მოსმენასთან ერთად, ვიდეოში იმ მანძილისთვის თვალყურის დევნებაცაა შესაძლებელი, რომელიც პროტოტიპს კამერისგან აშორებს. ეს საშუალებას გვაძლევს განვსაზღვროთ, როგორ იცვლება ხმაურის დონე სხვადასხვა დისტანციაზე.
აპარატის ნაკლებად ხმაურიანი ფრენა იმითაცაა განპირობებული, რომ ტესტირებისას მასში პილოტი არ იჯდა. სრული დატვირთვისას პროპელერებს წონის კომპენსაცია და, შესაბამისად, მეტი ბგერის გამოცემა მოუწევთ. Lilium-ის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ მფრინავი ტაქსის კომერციული ფუნქციონირება 2024 წელს დაიწყება.
კომენტარები