SpaceX-ის კოსმოსური ხომალდი მილიარდერმა იქირავა — პირველი კერძო მისია 15 სექტემბერსაა დაგეგმილი
ილონ მასკის კომპანია SpaceX-ის პირველ კერძო მისიაში მონაწილე ასტრონავტები მიმდინარე წლის 15 სექტემბერს დაგეგმილი ისტორიული ფრენისთვის მოსამზადებლად აშშ-ის ფლორიდის შტატში ჩავიდნენ. ისინი დედამიწის ორბიტაზე კაფსულა Crew Dragon-ით გაემგზავრებიან, რომელსაც იქ რაკეტა Falcon 9 აიყვანს.
"ჩვენ უკვე კენედის სახელობის კოსმოსურ ცენტრში ვიმყოფებით. მისია Inspiration4-ის ეკიპაჟის სხვა წევრებთან ერთად ამ დილით შესრულებული ფრენა შესანიშნავი იყო. ვიმედოვნებ, რომ გაშვების თარიღის მოახლოების გამო, ცენტრის მიმდებარედ კიდევ არაერთხელ ვიფრენთ", — ვკითხულობთ ამერიკელი მილიარდერის, ჯარედ აიზეკმენის მიერ სოციალურ ქსელ ტვიტერზე გამოქვეყნებულ პოსტში.
SpaceX-ის კოსმოსური ხომალდი სწორედ კომპანიის Shift4 Payments თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯარედ აიზეკმენმა დაიქირავა. ის საკუთარი ხარჯებით ჩვენი პლანეტის ორბიტაზე შონ პროქტორს, კრისტოფერ სემბროსკსა და ჰეილი არსენოს წაიყვანს. მისიის მიზანი ქალაქ მემფისში არსებული წმინდა იუდას ბავშვთა საავადმყოფოსთვის თანხის შეგროვებაა.
აღსანიშნავია, რომ ასტრონავტებმა, რომელთა ვინაობაც მარტში გახდა ცნობილი, 6-თვიანი მოსამზადებელი პერიოდი ახლახან დაასრულეს. ისინი წვრთნებს SpaceX-ის სათაო ოფისში გადიოდნენ, რომელიც აშშ-ის ქალაქ ლოს ანჯელესში მდებარეობს. ეს პროცესი მოიცავდა Crew Dragon-ის მართვის სიმულაციებს, სამედიცინო შემოწმებებს, უწონადობასთან მიჩვევას და ა.შ.
უნდა ითქვას, რომ ისინი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს არ მიუერთდებიან, არამედ კაფსულა Crew Dragon-ით დედამიწის გარშემო 3 დღის განმავლობაში იმოგზაურებენ. ამის შემდეგ აპარატი უკან დაბრუნდება, პარაშუტს გაშლის და ატლანტის ოკეანეში დაეშვება.
კომენტარები