როგორ ყალიბდება კორონავირუსის წინააღმდეგ "ზეადამიანური" იმუნიტეტი — კვლევა
უკანასკნელ თვეებში ჩატარებულმა მრავალმა კვლევამ აჩვენა, რომ ზოგიერთ ინდივიდს კორონავირუსის წინააღმდეგ "ზეადამიანური" იმუნიტეტი აქვს, რომლის მეშვეობითაც მას სხვებზე უკეთ ებრძვის. მათ ორგანიზმში ანტისხეულები დიდი რაოდენობით გამომუშავდება. ასევე, ამ ცილებს ვირუსის სხვადასხვა ვარიანტის გაუვნებლება შეუძლია. თუმცა, ამ დრომდე უცნობი იყო, რა იწვევდა მსგავს გამორჩეულობას.
სამეცნიერო პორტალზე bioRxiv გამოქვეყნებულ ნაშრომში სწორედ ამის მიზეზია ახსნილი, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარე როკფელერის უნივერსიტეტში მომუშავე სპეციალისტებმა დაადგინეს. მათი განცხადებით, მძლავრი, "ჰიბრიდული" იმუნიტეტის ჩამოყალიბებას ორი ფაქტორის თანხვედრა განაპირობებს. კვლევის თანახმად, ყველა ასეთ ადამიანს ის საერთო აქვს, რომ მათ ჯერ ინფექცია გადაიტანეს, შემდეგ კი ინფორმაციულ რნმ-ზე დაფუძნებული ვაქცინა გაიკეთეს.
შედეგად, მათ სხეულში წარმოქმნილ ანტისხეულებს არა მხოლოდ SARS-CoV-2-ის 6 ვარიანტის, არამედ მისგან საგრძნობლად განსხვავებული SARS-CoV-1-ის დამარცხების უნარიც შესწევთ. ისინი ეფექტიანად ებრვიან იმ პათოგენებსაც, რომლებიც ღამურებსა თუ პანგოლინებში გვხვდება და არაა გამორიცხული, რომ მომავალში ჩვენთვისაც საფრთხის შემცველი გახდეს.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამგვარმა ანტისხეულებმა ხელოვნურად სახეცვლილი ვირუსიც გაანადგურეს, რომელიც 20 მუტაციას შეიცავდა. მათ პათოგენი იმუნური სისტემისთვის თავის არიდებისთვის იყენებს, თუმცა ჰიბრიდული იმუნიტეტის წინაშე ის უძლური აღმოჩნდა. მხოლოდ ვაქცინირებული ან ინფექცია-გადატანილი პირების ორგანიზმმა კი მას ანალოგიური წინააღმდეგობა ვერ გაუწია.
ნაშრომის ავტორთა კვლევა 14 ადამიანის მონაცემებს ეყრდნობოდა. მეცნიერთა აზრით, უფრო მასშტაბურმა ცდებმა, შესაძლოა, პანდემიასთან გამკლავების ახალ გზებამდე მიგვიყვანოს და ვაქცინის დამატებითი დოზების საჭიროებაშიც დაგვარწმუნოს.
კომენტარები