Hyundai-მ ავტონომიური ტრაილერი წარადგინა — კომპანია მომავალს წყალბადზე მომუშავე ტრანსპორტში ხედავს
Hyundai Motor Group-მა თავისი მომავლის ხედვები გაგვანდო — კომპანიის თქმით, ისინი 2040 წლისათვის სატრანსპორტო და ინდუსტრიული სექტორისათვის სრულად ელექტრო ან წყალბადურ ძრავებზე მომუშავე ტრაილერებისა და სხვა ტიპის მანქანების გამოშვებას გეგმავენ.
სამხრეთ კორეის ნომერ მეორე ყველაზე დიდი კონგლომერატის მიზანი კომერციული ტრანსპორტის, როგორიცაა ავტობუსი და მძიმე სატვირთოები, ელექტროფიკაცია ან ალტერნატიულ, წყალბადურ საწვავზე გადაყვანაა. ამ ყველაფრის დაწყებას ჰიუნდაი 2028 წლიდან გეგმავს. ამის შესახებ კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, ეისუნ ჩანგმა სამშაბათს განაცხადა და ამასთანავე, წყალბადზე მომუშავე ტექნოლოგიები ინვესტორებს წარუდგინა. ჰიუნდაი მუშაობს ისეთ დანადგარებზეც, რომლებიც საზღვაო პორტებშიც შეიძლება იქნას გამოყენებული.
"ჩვენი მიზანია ვანახოთ სამყაროს ბევრი სხვადასხვა ტიპის მექანიზმი, რომელიც წყალბადზე იმუშავებს და ეს 2040 წლისთვის უნდა შევძლოთ. ამ ყველაფერში შევა სამგზავრო, მსუბუქი ავტომობილები, სპეციალური სატვირთო დანადგარები, მატარებლები, გემები და თვითმფრინავებიც კი. ჩვენ ასევე გვსურს, რომ წყალბადური საწვავი გამოყენებულ იქნას სხვა სფეროებშიც, რობოტიკაში და ეკო-მეგობრულ გენერატორებში", — ამბობს ეისუნ ჩანგი.
Hyundai Motor Co.-ს მიზანია, რომ 2045 წლისთვის ისინი სრულად ნახშირბად ნეიტრალურები გახდნენ. კომპანიამ პირველი წყალბადზე მომუშავე ავტომობილი 2013 წელს წარადგინა.
კომპანია გეგმავს, რომ ახალ საწვავზე მომუშავე მგზავრების გადასაყვანი მანქანა 2023 წელს გამოუშვას, შედარებით დიდი ავტომანქანების წარმოებას კი 2025 წლიდან დაიწყებენ. ასევე, ისინი გეგმავენ ტრაქტორების გაყიდვას, რომლებიც ახლა კალიფორნიაში იტესტება, მათ გაყიდვასაც 2023 წლიდან უნდა ველოდოთ. SNE Reasearch-ის მიხედვით, Hyundai Motor-მა, ქვეყნის ყველაზე დიდმა ავტომწარმოებელმა, 5 300 წყალბადზე მომუშავე ავტომობილი გაყიდა, რაც წყალბადზე მომუშავე ავტომობილების გლობალური ბაზრის 51%-ს შეადგენს.
Hyundai Motor-მა უკვე წარადგინა ერთ-ერთი წყალბადზე მომუშავე კონცეპტი. Trailer Drone — ასე ეწოდება მომავლის ტრაილერს, რომელიც სრულად ავტონომიურად ივლის და მას არც გამწევი ავტომობილი დაჭირდება. ის ერთ დამუხტვაზე 1000 კილომეტრის გაივლის. ტრაილერი ისეა აწყობილი, რომ იგი გვერდულად სიარულსაც შეძლებს.
თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.
კომენტარები