აცრილი დედების რძეში კორონავირუსის ანტისხეულების არსებობა დადასტურდა
ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებით აცრილი დედების რძე ანტისხეულებს შეიცავს, რომლებმაც, შესაძლოა, დედის რძით მკვებავი ჩვილები ინფექციისგან დაიცვას.
ფლორიდას უნივერსიტეტის მკვლევრების განცხადებით, მათმა აღმოჩენამ, შესაძლოა, დადებითი გავლენა იქონიოს ორსულ და მეძუძურ ქალებზე, რომლებიც ვაქცინაციას უსაფრთხოდ მიიჩნევენ, თუმცა მაინც თავს იკავებენ აცრისგან.
კვლევის მთავარმა ავტორმა, დოქტორმა ჯოზეფ ლარკინმა განაცხადა, რომ ვინაიდან ბავშვებს დაბადებისას იმუნური სისტემა ბოლომდე არ აქვთ ჩამოყალიბებული, მათთვის აცრა ზედმეტად ადრეა. ამ დროს ისინი უფრო მოწყვლადნი არიან დაავადებების მიმართ, მაგრამ, ავტორის თქმით, დედის რძემ, შესაძლოა, გააძლიეროს ბავშვის იმუნური სისტემა ინფექციის წინააღმდეგ.
კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა 21 მეძუძური დედის რძე გააანალიზეს. ეს ადამიანები ჯანდაცვის სექტორში მუშაობდნენ და კვლევაში 2020 წლის დეკემბრიდან 2021 წლის მარტამდე იყვნენ ჩართულნი.
მკვლევრებმა მონაწილეების სისხლი და რძე შეისწავლეს როგორც ვაქცინამდე, ასევე პირველი და მეორე დოზების მიღების შემდეგ. მეორე დოზის შემდეგ მათ აღმოაჩინეს, რომ დედების რძეში იმუნოგლობულინ A-ს ანტისხეულების რაოდენობა 100-ჯერ უფრო მეტი იყო აცრამდელ მაჩვენებელთან შედარებით. ეს ანტისხეულები იმუნური სისტემის ფუნქციონირებასა და ინფექციებთან ბრძოლაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს.
კვლევამ ისიც აჩვენა, რომ იმ მონაწილეების რძეში, რომლებსაც Pfizer ვაქცინით იყვნენ აცრილები, ანტისხეულების რაოდენობა უფრო მეტი იყო ვიდრე იმათ რძეში, რომლებსაც Moderna ვაქცინა ჰქონდათ მიღებული. თუმცა, მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ამ აღმოჩენის დასადასტურებლად დამატებითი გამოკვლევებია საჭირო.
ავტორები იმასაც აცნობიერებენ, რომ მათი კვლევა არ განსაზღვრავს, თუ რამდენად ეფექტიანად იცავს ანტისხეულები ჩვილებს ინფექციისგან და საერთოდ იცავს თუ არა მათ. თუმცა, მათ განაცხადეს, რომ ამ საკითხს აქტიურად იკვლევენ.
კომენტარები