ქალები კუპიურებზე — 10 ქვეყნის ისტორია
ეროვნული ვალუტა და ბანკნოტების დიზაინი ქვეყნის ღირებულებებისა და ისტორიის სარკეა. სწორედ ამიტომ იქცა პრინციპულ საკითხად 20-დოლარიან კუპიურაზე მონების გათავისუფლებისთვის მებრძოლი ფერადკანიანი ქალის, ჰარიეტ ტაბმენის დატანა. ბანკნოტზე მისი მოთავსებით აშშ პატივს მიაგებს ფერადკანიანთა უფლებებს და მათ ბრძოლას საკუთარი ისტორიის განუყოფელ ნაწილად განიხილავს.
ვინ არის გამოსახული კუპიურაზე, რომელიც დღის განმავლობაში უამრავი ადამიანის ხელში მოგზაურობს — მნიშვნელოვანი საკითხია. ერთ-ერთი ანალიზის თანახმად, ყველაზე გავრცელებული კუპიურების მხოლოდ მეხუთედზეა გამოსახული ქალი, ხოლო თუ "უსახელო" და სიმბოლურ ქალებს გამოვაკლებთ, კუპიურების მხოლოდ 12%-ზე ვხედავთ რეალურ ქალს.
ქალის განზოგადებული სახე და დიდგვაროვნების უპირატესობები
საუკუნეების განმავლობაში ფულის დომინანტი ფორმა მონეტა იყო. მასზე უმეტესად იმ ხელისუფალს გამოხატავდნენ, ვისი ბრძანებითაც მონეტა მოიჭრა. შესაბამისად, პირველი ქალი, რომელიც მონეტაზე გამოჩნდა, მმართველი იყო — ძველ ეგვიპტეში, ძველი წელთაღრიცხვით მესამე საუკუნეში — დედოფალი არსინოე II.
საუკუნეების განმავლობაში იმ იშვიათ შემთხვევაშიც კი, როცა ქალ პიროვნებას ფულის ნიშანზე გამოსახავდნენ, ის ყოველთვის მონარქი ან დიდგვაროვანი იყო: დედოფალი ელიზაბეთ I მე-16 საუკუნეში, ინდირა განდი 1980-იან წლებში და სხვა.
მოგვიანებით, როცა ქაღალდის ფული გამოჩნდა, კუპიურებზე მონარქების გამოსახვა აუცილებლობას აღარ წარმოადგენდა, თუმცა, მასზე მოხვედრის კრიტერიუმები კვლავაც ბუნდოვანი იყო. ყველა თანხმდება, რომ კუპიურაზე გამორჩეული ისტორიული ღირებულების მქონე ფიგურა უნდა იყოს გამოსახული, თუმცა, ვისი წვლილი უფრო დიდია ქვეყნის განვითარებაში — საკამათო საკითხია.
1. გაერთიანებული სამეფო
მე-16 საუკუნეში დედოფალი ელიზაბეთ I-ის გამოსახვის შემდეგ ინგლისში ბევრი რამ შეიცვალა, როგორც პოლიტიკურ, ასევე საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მართალია, ბრიტანულ კუპიურებზე ყველაზე ხშირად გამოსახული ფიგურა კვლავაც მონარქია — ელიზაბეთ II — თუმცა, ბანკნოტებზე სხვა საზოგადო მოღვაწე ქალებსაც ვხედავთ.
XIII-XIX საუკუნეებში მცხოვრები და ადამიანის უფლებებისთვის მებრძოლი ინგლისელი აქტივისტი, ელიზაბეთ, იგივე ბეტსი ფრაი, 2002 წელს 5 ფუნტი სტერლინგის ბანკნოტზე გამოსახეს. მანამდე ასევე საზოგადო მოღვაწე — პიონერი ექთანი და სამოქალაქო აქტივისტი ფლორენს ნაითინგეილი 10 ფუნტი სტერლინგის კუპიურაზე 1975 წლიდან 1992 წლამდე იყო გამოსახული.
გაერთიანებულ სამეფოში არც მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა დავიწყებიათ და 2017 წელს 10 ფუნტი სტერლინგის ბანკნოტზე ლეგენდარული ინგლისელი მწერლის, ჯეინ ოსტინის სახე დაიტანეს.
2. ამერიკის შეერთებული შტატები
უკვე წლებია, $20-იანის კუპიურაზე მონათმფლობელი პრეზიდენტი ჯექსონის ნაცვლად აბოლიციონისტისა და აქტივისტის, ჰარიეტ ტაბმენის, გამოსახვის ინიციატივა განხორციელებას ელოდება.
თუმცა, ამერიკულ დოლარზე ქალი ფიგურების ნაკლებობა ნამდვილად არ შეინიშნება. 1886 წელს გამოშვებულ $1-იანზე აშშ-ის პირველი პრეზიდენტის, ჯორჯ ვაშინგტონის ცოლი, მართა ვაშინგტონი იყო გამოსახული. 1933 წლის $20-იანის მონეტაზე კი თავისუფლების ქანდაკებასაც ვხედავთ.
1979 წელს $1-იან მონეტაზე გამოსახეს ქალთა უფლებებისთვის მებრძოლი აქტივისტი სიუზენ ბ. ენთონი.
2003 წელს ალაბამას შტატში ასევე მონეტაზე აღმოჩნდა მწერალი და შშმ პირთა უფლებებისთვის მებრძოლი ქალი ჰელენ კელერი.
განსაკუთრებით აღსანიშნავია 2000 წელს გამოშვებული $1-იანის მონეტა, რომელზეც ადგილობრივი ამერიკელი ქალის, საკაგავეას, სახეა ამოტვიფრული. საკაგავეა შოშონთა ტომის წევრი იყო, რომელიც ლუისისა და კლარკის ექსპედიციას ახლდა თან და მათ ადგილობრივ ტომებთან გაცნობაში ეხმარებოდა.
რამდენიმე თვის წინ ინიციატივას, რომ 2022 წლიდან ფულის ნიშნების დიზაინი განახლდეს, შედეგი მოჰყვა და დადასტურდა, რომ მალე ფულზე გამოსახავენ ასტრონავტ სალი რაიდსა და მწერალსა და აქტივისტს, მაია ენჯელოუს.
3. შვედეთი
სკანდინავიის ქვეყნებს ხშირად თანასწორობის კუთხით სამაგალითო ქვეყნებად განიხილავენ. ასე რომ, გასაკვირი არაა, რომ შვედურ ფულზე არაერთ ქალს შეხვდებით.
"შვედ ბულბულად" წოდებული ოპერის მომღერალი, იენი ლინდი, 50 კრონის აღმნიშვნელ ბანკნოტზეა გამოსახული, პირველი ნობელიანტი მწერალი ქალი — სელმა ლაგერლოფი კი — 20-კრონიანზე გვხვდება.
ამასთან, 2015 წელს შვედეთმა ქალების მიერ შექმნილი კულტურული მემკვიდრეობა კიდევ უფრო დააფასა: 20-კრონიანზე საბავშვო მწერალი, ასტრიდ ლინდგრენი, 100-კრონიანზე კინოვარსკვლავი გრეტა გარბო, 500-კრონიანზე კი სოპრანო ბირგიტ ნილსონი გამოჩნდნენ.
4. ავსტრალია
ავსტრალიამ კუპიურებზე ქალების დატანის საკითხი საინტერესოდ გადაწყვიტა — თითოულ ბანკნოტზე ერთი ქალი და ერთი მამაკაცია გამოსახული — სხვადასხვა მხარეს.
დედოფალი ელიზაბეთ II-ის გარდა, ავსტრალიურ ფულზე სხვადასხვა პროფესიის ქალებს შეხვდებით: $10-იან კუპიურაზე პოეტი მერი გილმორი, $20-იანზე ბიზნესმენი მერი რიბი, $50-იანზე ქვეყნის პირველი პარლამენტარი ქალი, ედით კოუენი, ხოლო $100-იანზე ოპერის მომღერალი, ნელი მელბაა გამოსახული.
5. ახალი ზელანდია
ახალი ზელანდია მსოფლიოში პირველი ქვეყანა იყო, სადაც ქალებს არჩევნებში ხმის მიცემის უფლება მიენიჭათ. სწორედ ამიტომ, ახალზელანდიურ 10 დოლარიანზე კეიტ შეპარდს შეხვდებით: სუფრაჟისტს, რომლის დაუღალავმა ბრძოლამაც ქვეყანას ეს მნიშვნელოვანი ცვლილება მოუტანა.
გარდა ამისა, თანამეგობრობის ბევრი ქვეყნის მსგავსად, ახალზელანდიურ ფულზე, $20-ის კუპიურაზე, კვლავაც ელიზაბეთ II-ს ვხვდებით.
6. მექსიკა
მექსიკურ ფულზე მხოლოდ ორი ქალი გვხვდება, თუმცა, ორივე მათგანი ფასდაუდებელია ქვეყნის ისტორიისათვის.
ქვეყანაში 500 პესოს აღმნიშვნელ ბანკნოტზე მხატვარ ფრიდა კალოს, 200-პესოიანზე კი მწერალ სორ ხუანა ინეს დე ლა კრუსს შეხვდებით. ეს უკანასკნელი კუპიურაზე მისი წარმატების სიმბოლოებთან: სამელნესთან, ორ კალამსა და ბიბლიოთეკის ფანჯარასთან ერთადაა გამოსახული; კალო კი ბანკნოტზე ადგილს უჩვეულო ნახატთან ერთად იყოფს. ბანკნოტის მეორე მხარეს მხატვრის ქმარი და ასევე ხელოვანი, დიეგო რივერაა გამოსახული.
აღსანიშნავია, რომ ლათინური ამერიკის სოციოკულტურულ ცხოვრებაში ქალ ფიგურებს გამორჩეული როლი უკავიათ. არგენტინაში ქვეყნის 100-პესოიან კუპიურაზე 2012 წლიდან ერთ-ერთი ყოფილი პირველი ლედი, ევა პერონი, უკვე განახლებული დიზაინითაა გამოსახული.
7. იაპონია
ერთადერთი ქალი, რომელიც ამომავალი მზის ქვეყნის კუპიურებზე გვხვდება, მწერალი ქალი ჰიგუტი იტიიოა. იტიიო 5 000 იენის აღმნიშვნელ ბანკნოტზეა გამოსახული, რაც, ქვეყანაში ფულის მეორე უმსხვილესი ნიშანია.
ასევე მწერალ ქალს ვხვდებით მეზობელ სამხრეთ კორეაში. აქ 50000-იან სამხრეთკორეულ ვონზე XVI საუკუნეში მოღვაწე პოეტი და კალიგრაფისტი, შინ სეიმდანგია გამოსახული.
8. ფილიპინები
მართალია, სტატიაში უმეტესად საზოგადო მოღვაწეებზე ვამახვილებთ ყურადღებას, თუმცა, ფილიპინებში 500-პესოიანზე კორასონ აკინოს გამოსახვას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს — იგი ქვეყნის პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა არაორდინალური მოვლენების განვითარების შემდეგ.
1983 წელს, პოლიტიკოსი ქმრის მკვლელობის შემდეგ, აკინომ თავად დაიწყო პრეზიდენტობისთვის ბრძოლა და ქვეყნის დიდი ხნის მმართველს, ფერდინანდ მარკოსს დაუპირისპირდა. არჩევნების გაყალბებისა და თანმდევი მასობრივი დემონსტრაციების შემდეგ მარკოსმა ქვეყანა დატოვა, აკინო კი პრეზიდენტი გახდა და საკუთარი შეუპოვრობით უამრავ ქალს მისცა მაგალითი.
გარდა ამისა, 1000-პესოიანზე სამოქალაქო აქტივისტსა და სუფრაჟისტს, ჟოზეფა ლანეს ესკოდას შეხვდებით, რომელმაც ქალთა უფლებებისთვის ბრძოლაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა.
9. უკრაინა
უკრაინაში ქალი ფიგურა მხოლოდ 200-გრივნიან ბანკნოტზეა გამოსახული — პოეტი ლესია უკრაინკა. კუპიურა უკვე ორი ათწლეულია, მიმოქცევაშია.
10. ჩეხეთი
ჩეხეთის რესპუბლიკაში 50-კრონიანზე XIII საუკუნეში მცხოვრები პრინცესა აგნეს ბოჰემიელი, იგივე აგნეს პრაღელია გამოსახული. ისტორიული ცნობებით, პრინცესამ მდიდრულ ცხოვრებას ადამიანების დახმარება ამჯობინა.
აგნესის გარდა, 500 ჩეხური კრონის კუპიურაზე მწერალი და ჩეხური პროზის ერთ-ერთი ფუძემდებელი, ბოჟენა ნემცოვაა გამოსახული. აღსანიშნავია, რომ ამავე ბანკნოტის მეორე მხარეს ნემცოვას შექმნილ ქალ გმირებს შეხვდებით.
2000-კრონიანზე კი ადგილებს ოპერის მომღერალი, ემი დესტინი და პოეზიისა და მუსიკის ბერძნული მუზა, ევტერპე, ინაწილებენ.
უმეტესად რატომ გამოსახავენ ქალებს კუპიურებზე?
თუ მმართველებს გვერდზე გადავდებთ, ქაღალდის ფულის ნიშნებზე უმეტესად სამოქალაქო აქტივისტები და კულტურის სფეროს მოღვაწე ქალები ხვდებიან. მათ ფულზე საკუთარი ადგილი საზოგადოებაში სოციალური ან კულტურული ცვლილებების გამოწვევით დაიმსახურეს.
საქართველოში ერთადერთი ქალი, რომელსაც ქართულ ლარზე ვხედავთ, თამარ მეფეა: ქალი, რომელმაც შეძლო და ტრადიციულად მამაკაცებისთვის განკუთვნილი თანამდებობის დაკავებით ერის ცნობიერება შეცვალა. თუ მხოლოდ ქართულ ლარზე გამოსახული ფიგურებით ვიმსჯელებთ, მე-12 საუკუნის შემდეგ სხვა ქალს საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვანი კვალი აღარ დაუტოვებია, რაც ცხადია, სიმართლე არაა. ჩვენი ქვეყნის წარსული სავსეა ქალებით, რომლებიც შეუპოვრად იბრძოდნენ პროგრესისა და თავისუფლებისათვის.
თქვენი აზრით, რომელი მათგანი იმსახურებს ადგილს ლარის კუპიურაზე? არჩევანის დაფიქსირება ჩვენს გამოკითხვაში შეგიძლიათ.
კომენტარები